NATO-ში გაწევრება ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი საკითხია - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილა განაცხადა, რომ ალიანსის წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ხოლო NATO-ში ინტეგრაცია ისევე აქტუალურია ალიანსისთვის, როგორც საქართველოსთვის.

„ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საბოლოო ჯამში NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს NATO-ში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით.

მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე.

საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს გააჩნია. ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესი ეფუძნება.

გვჯერა, რომ ამ არჩევანის წარმატებული განხორციელება ისევე აქტუალურია NATO-თვის, როგორც საქართველოსთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სტოლტენბერგს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე შეხვდა, რომელიც ალიანსისგან მოითხოვს, რომ შეწყვიტოს აღმოსავლეთით გაფართოება, უკან წაიღოს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი საქართველოსა და უკრაინის მომავლ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და დოკუმენტურად ასახოს ეს.

ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.