„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს“ - წულეისკირი

პუბლიკა

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია იგეგმება. გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია თემო სუყაშვილმა გაავრცელა. ის ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენელი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ცენტრი „რეორგანიზაციის შედეგად გადმოდის ცენტრალურ აპარატში“.

მოგვიანებით გავრცელდა  სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” დირექტორის თამარა წულეისკირი განცხადება. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

„სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს. შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ. შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას“,- აცხადებს თამარა წულეისკირი.