რუსეთში სტუდენტები გააფრთხილეს, ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ

პუბლიკა

რუსეთში ალექსეი ნავალნის დაკრძალვის დღეს აქციებში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან – ადგილობრივი ტელეგრამ არხების ცნობით, საუბარია ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების საპრეზიდენტო აკადემიაზე (РАНХиГС), რომელმაც სტუდენტებს მსგავსი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა.

შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ 29 თებერვალს და პირველ მარტს „ფრთხილად იყვნენ” და მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას, განსაკუთრებით, სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„აქციაში ნებისმიერი მონაწილეობა გარიცხვას გამოიწვევს”, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

ალექსეი ნავალნის პარასკევს მოსკოვში დაკრძალავენ – პანაშვიდი პირველ მარტს, 14:00 საათზე გაიმართება, ხოლო დაკრძალვა მოგვიანებით ბორისოვის სასაფლაოზე. ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია არ გამორიცხავს, რომ ხვალ რუსი ოპოზიციონერის გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები დააკავონ. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, მან აღნიშნა, რომ არ იცის, მშვიდობიანად ჩაივლის თუ არა პარასკევს პროცესი.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, რომლის თქმით, ნავალნი მოკლულია.