ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის დედა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისი შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს. ლუდმილა ნავალნაიამ ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ჩემს უკან არის კოლონია, სადაც ჩემი შვილი 16 თებერვალს გარდაიცვალა. 5 დღეა, მისი ნახვის საშუალება არ მეძლევა, მის ცხედარს არ მაძლევენ. იმასაც კი არ მეუბნებიან, თუ სად არის […] ვლადიმერ პუტინ… მომეცი ჩემი შვილის ნახვის საშუალება”, – განაცხადა მან.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვლა, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.