NDI და IRI არ ირჩევენ რომელიმე მხარეს - აშშ-ის საელჩო კონგრესმენ ენგელის განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო NDI-სა და IRI-ის შესახებ კონგრესმენ ელიოტ ენგელის განცხადებას ავრცელებს. ენგელის განცხადებით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ეს ორგანიზაციები თანამშრომლობენ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებთან და მათ მიზანი დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა. კონგრესმენი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს, NDI-სა და IRI-თან თანამშრომლობა გააგრძელონ.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ საოცარი წინსვლა განიცადა დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით – ღირებულებები, რაც ამერიკის ამ ქვეყანასთან პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს. ქართველი ხალხი კი ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე რჩება მაშინ, როდესაც რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

მე მხარი დავუჭირე კონგრესის ინვესტიციას საქართველოს დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში სხვადასხვა, მათ შორის, NDI-სა და IRI-ს საშუალებით. ეს ორგანიზაციები მთელ რიგ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში ისინი მჭიდროდ მუშაობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტიებთან. ისინი არ ირჩევენ არცერთ მხარეს და არც რომელიმე პოლიტიკურ შედეგს უჭერენ მხარს. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, სუვერენული და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი.

აშშ-ის კონგრესი საქართველოს ხალხის გვერდით დგას და მე კვლავ გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია კონგრესმენ ენგელის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საელჩო ავრცელებს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქმიანობა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკრიტიკა. „ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს NGO-ები და მსგავსი კვლევები. მე არ გამოვრიცხავ, თუ ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა საქართველოში“, – თქვა ივანიშვილმა გადაცემა „SWOT ანალიზში“.