გუნდ „დაიტოვეს” წევრი, ნენსი ვოლანდი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა – შსს მას 26 იანვარს რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებოდა, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
ადვოკატის თქმით, 26 იანვარს რუსთაველის გამზირი მარშით გადაიკეტა – როგორც ნენსი ვოლანდი აღნიშნავს, ის მას შემდეგ გადავიდა ტროტუარზე, რაც მსვლელობის მისვლის შემდეგ ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა.
„უკვე გადაკეტილ რუსთაველზე მივედი და უბრალოდ კადრია, სადაც ვდგავარ და ინტერვიუს ვაძლევ ვიღაცას. ვუთხარი, რომ არავის ჩემთვის არ უთქვამს, რომ მე კანონს ვარღვევ – აუცილებელია, რომ გამაფრთხილოს პოლიციელმა, რომ კანონს ვარღვევ.
მე ჩემით არ შემიძლია შევაფასო, არის თუ არა იმ დროს საკმარისი რაოდენობა, ეს არის უწყების მოვალეობა. კადრებში ჩანს, რომ მარში როცა შემოუერთდა გზას, შემდეგ პოლიცია გადავიდა გზაზე და გადაკეტა სავალი ნაწილი”, – აღნიშნა მან.
6 თებერვალს „ოცნებამ“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.
„ოცნებამ“ მეორე მოსმენის დროს კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
შესწორებები შეეხო შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს.
ეს მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირებას ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდებას, აკრძალული ნივთების ქონას, გზის გადაკეტვას.
პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო 5000-ლარიანი ჯარიმა საგნის კონფისკაციით, ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარის ჯარიმა.