„ნენსკა ჰიდრო“ ადასტურებს კორეულ კომპანია Hyundai E&C-სთან მოლაპარაკებას

პუბლიკა

ნენსკრაჰესის მშენებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ „პუბლიკასთან” ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გენერალური კონტრაქტორის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში საუკეთესო შეთავაზება წარადგინა კონსორციუმმა, რომლის პარტნიორიც არის კორეული კომპანია Hyundai E&C. მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკება სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კონსორციუმს შორის.

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ” ინფორმაცია გაავრცელა Hyundai E&C-ზე და აღნიშნა, რომ ამ კომპანიის სახელს კორეასა და სხვა ქვეყნებში არაერთი კორუფციული საქმე უკავშირდება.

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი 20-მდე (ოცამდე) კომპანიამ გამოხატა. ტენდერის პირველ ეტაპზე შეარჩიეს 3 (სამი) პრეტენდენტი – თურქული ENKA-ს და კორეული Daelim-ის კონსორციუმი, თურქული Nurol და ესპანური Cobra-ს კონსორციუმი და თურქული კომპანია Limak.

„ტენდერის მეორე ეტაპზე თურქულმა კომპანია Limak-მა კონსორციუმში პარტნიორად წარმოადგინა კორეული კომპანია Hyundai E&C.

Limak-ის და Hyundai E&C-ის კონსორციუმმა, სადაც კომპანია Limak წარმოადგენს ძირითად (წამყვან) პარტნიორს, წარმოადგინა საუკეთესო საფასო შეთავაზება. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკებები სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და კონსორციუმს შორის”, – ამბობენ  „ნენსკრა ჰიდროში“.

მათი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და ხელშეკრულების საბოლოო პირობების შესახებ საბოლოო შედეგი ცნობილი გახდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

რაც შეეხება „პუბლიკის“ შეკითხვებს, აღნიშნული კორეული კომპანიის რეპუტაციისა და ბრალდებების შესახებ, „ნენსკრა ჰიდროში“ გვპასუხობენ, რომ „ტენდერის მიმდინარეობის პროცესში ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტმა გაიარა შესაბამისი შემოწმება კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ფინანსური სტაბილურობის კუთხით, რაც ასევე შეთანხმდა პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან“.

„Hyundai Engeneering & Construction 50-წლიანი ისტორიის მქონე კორეული საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა. მის პორტფოლიოში ისეთი ობიექტების მშენებლობაა, როგორებიცაა: ნავსადგურები, გზები, ხიდები და გვირაბები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები, ინდუსტრიული ობიექტები და სხვა“, – ამბობენ „ნენსკრა ჰიდროში“.

კომპანიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნენსკრაჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.


„მწვანე ალტერნატივის“ ცნობით, Hyundai E&C-ის სახელს უკავშირდება გასული წლის მსხვილი ფინანსური სკანდალი კორეაში, როცა ადგილობრივი პოლიცია  Hyundai E&C-ის მთავარ ოფისში შეიჭრა: კომპანიას ერთ-ერთ სამშენებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად მესაკუთრეების მოქრთამვა ედებოდა ბრალად.

„სხვა შემთხვევებიდან  ასევე ცნობილია, ე.წ. „ოთხი მდინარის“ საქმეც, რომლის შედეგადაც კორეის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ Hyundai E&C სხვა კომპანიებთან ერთად კანონდარღვევაში – წინასწარ შეთანხმებული ფასის შეთავაზებაში დაადანაშაულა. სააგენტოს ცნობით, „ოთხი მდინარის“ საქმის შედეგად  „გადასახადის გადამხდელები  3.57 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდნენ“, – აცხადებს „მწვანე ალერნატივა”.

LB loan image desktop LB loan image mobile