ნეპოტიზმზე გვესაუბრება მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნა სრულიად არაკომპეტენტური კადრი კინოცენტრის დირექტორად - ჩხეიძე

პუბლიკა

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კინოცენტრის დღეს გამოქვეყნებული განცხადება რეჟისორ ნინო კირთაძეს უკავშირდებოდა და ნათქვამი იყო, რომ „კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული”.

გაგა ჩხეიძე წერს, რომ მან კირთაძე ნამდვილად დანიშნა 2019 წელს, „ევრიმაჟში” ერთპიროვნულად, რადგან მისი თქმით, ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელით და საერთაშორისო კავშირებით სრულიად უკონკურენტო იყო. 

„დიახ, ერთპიროვნულად დავნიშნე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არც ევრიმაჟის წესდება და არც კინოცენტრის დებულება არ ითვალისწინებს ეროვნული წარმომადგენლის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადებას და, მეორეც იმიტომ, რომ უკეთესი კანდიდატურა არც არსებობდა. ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელით და საერთაშორისო კავშირებით სრულიად უკონკურენტო იყო. ცოტა ვინმეს თუ ესმის ევროპული კინოორგანიზაციების სტრუქტურა, მათი მუშაობის სპეციფიკა და თანამედროვე კონიუნქტურა ისე კარგად, როგორც ნინოს. გარდა ამისა, ის ერთმნიშვენლოვნად დადებითი აურის მქონე ადამიანია, რომესაც ღირსეულად შეუძლია საქართველოს ინტერესების დაცვა ნებისმიერ ასპარეზზე. მე მას გავუფორმე ხუთწლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადა 2024 წელს იწურებოდა”, – წერს გაგა ჩხეიძე.

გაგა ჩხეიძე წერს, რომ ნინო კირთაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას ასრულებდა და ბოლო 4 წელში არაერთი ქართული პროექტი დაფინანსდა “ევრიმაჟის” მიერ. ჩხეიძის განმარტებით, ნინო კირთაძესთან კინოცენტრის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის „ნამდვილი მიზეზი” ისაა, რომ კირთაძემ არა „რეორგანიზაციის ბოლო დღეს”, არამედ გაცილებით ადრე გააპროტესტა კინოცენტრში შექმნილი ვითარება.

გაგა ჩხეიძე ასევე აღნიშნავს, რომ ნეპოტიზმზე არ უნდა საურბობდეს ის მინისტრი, რომელიც თავად ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ნიშნავს „სრულიად არაკომპეტენტურ კადრს კინოცენტრის დირექტორად, ამავე დროს ქმნის ახალი შტატს ბაჩო ოდიშარიასთვის”. გაგა ჩხეიძის თქმით, ამ ყველაფერს თეა წულუკიანი აკეთებს „ვაკანსიების გამოცხადების გარეშე, ამიტომ ამიტომ მინისტრის მხრიდან ნეპოტიზმზე საუბარი უბრალოდ ცინიზმია”.

გაგა ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ნინო კირთაძესთან დაკავშირებული კინოცენტრის გადაწყვეტილება არის უშუალოდ თეა წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ჩხეიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება „საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო იმიჯს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს”.

დღეს, 16 ივლისს, ეროვნულმა კინოცენტრმა რეჟისორ, ნინო კირთაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კინოცენტრი აუქმებდა იმ პოზიციას, რაზეც იყო დასაქმებული ნინო კირთაძე და მას შეეძლო „ღია კონკურსში მონაწილეობა”.

„ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა”, _ წერია კინოცენტრის განცხადებაში.