ნეთანიაჰუ აფრთხილებს ლიბანს ღაზის მსგავსი ნგრევის შესახებ

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანელ ხალხს აფრთხილებს, რომ მათ ემუქრებათ „ხანგრძლივი ომის უფსკრულში“ ჩავარდნა, როცა მისი ქვეყანა აძლიერებს შეტევას ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

„ქრისტიანები, დრუზები, მუსლიმები – სუნიტებიც და შიიტებიც – ყველა თქვენგანი იტანჯებით ისრაელში ჰეზბოლას უშედეგო ომის გამო“, – ნათქვამია სამშაბათს ლიბანის მოსახლეობისთვის გავრცელებულ ნეთანიაჰუს ვიდეომიმართვაში.

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გადაარჩინოთ ლიბანი, სანამ ის გადაეშვება ხანგრძლივი ომის უფსკრულში, რომელიც მოიტანს მსგავს ნგრევასა და ტანჯვას, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში“, – მიმართა ისრაელის პრემიერმა.

„გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა ჰეზბოლასგან, რათა ეს ომი დასრულდეს“! – მოუწოდებს ისრაელის პრემიერი ლიბანის მოსახლეობას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ლიბანი უკვე ხედავს ომის იმავე მეთოდების გამოყენებას მათ წინააღმდეგ, რასაც ისრაელმა მიმართა ღაზის სექტორში”.

ისრაელის სამხედრო შეტევამ ღაზის უმეტესი ნაწილი ნანგრევებად აქცია. ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის” ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც მართავს ღაზის სექტორს, სულ მცირე 41 900 ადამიანი დაიღუპა და 1,9 მილიონამდე ადამიანი – ანკლავის მოსახლეობის დაახლოებით 90% – იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

სამშაბათს „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილემ განაცხადა, რომ დაჯგუფება მხარს უჭერს ძალისხმევას, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მანამდე „ჰეზბოლა“ ამბობდა, რომ ისრაელის მიმართულებით ცეცხლს მხოლოდ ღაზის სექტორში „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ შეწყვეტდა.