ნეთანიაჰუს თქმით, ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ ღაზაში ომს არ შეწყვეტს

პუბლიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ღაზაში ომს არ შეწყვეტს იმ შემთხვევაშიც, თუ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი” ისრაელელ ტყვეებს დააბრუნებს, ვინაიდან ეს დანებებას ნიშნავს.

„ჰამასის” განცხადებით, ამ შემთხვევაში ტყვეების დაბრუნება გამორიცხულია.

მანამდე ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ ისრაელს ომის დასრულება მოსთხოვა და პირობები წაუყენა, მათ შორის, ებრაული არმიის მიერ ღაზის ტერიტორიის სრულად დატოვება.

„მე პირდაპირ უარვყოფ „ჰამასის” მონსტრების პირობებს დანებების სანაცვლოდ. სანამ პერმიერ-მინისტრი ვარ, ამ პოზიციაზე მტკიცედ ვიდგები”. – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

21 იანვრის საღამოს ქალაქ იერუსალიმში, ნეთანიაჰუს საკუთარ სახლთან ტყვე ებრაელების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ განაცხადეს, რომ ადგილზე დარჩებიან მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრი ტყვეების დაბრუნების პირობებს დათანხმდება.

2023 წლის 7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 1200-მდე ადამიანი დაიღუპა. 200-ზე მეტი დღემდე „ჰამასის” ტყვედ რჩება.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ თავდასხმები არ წყდება. ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.