ნეტავ არ მიგვეცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა - ჯაში

პუბლიკა

ნეტავ არ მიგვეცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა,- ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა მარიამ ჯაშმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

“20-21 ივნისის მოვლენების შემდგომ განვითარებული პროტესტის ფონზე თუკი ჩვენ შევძელით, რომ გიორგი გახარია გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ზუსტად ანალოგიურად შესაძლებელი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნასთან მიმართებაში უარყოფითი პოზიციის დაყენება უმრავლესობის მხრიდან”, — ამბობს ჯაში.

მარიამ ჯაში, არ იზიარებს თანაგუნდელების პოზიციას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არ ყოფილა. ის მიიჩნევს, რომ ამ პირობის შეუსრულებლობამ უხერხულობა გამოიწვია არამხოლოდ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებში, არამედ გუნდშიც.

„ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდგომ, რომელსაც მოჰყვა არა ერთჯერადად როგორც უმრავლესობის ლიდერის, სპიკერის საჯარო განხილვები , როცა ვიხილავდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას რომელსაც 93 დეპუტატმა მოაწერა ხელი. თუ პროცედურულად გავყვებით ამ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, რომ ინიცირება არ ნიშნავს აუცილებლად მხარდაჭერას, მაგრამ ეს იყო პირობა, რომელიც გახდა წყალგამყოფი“,- ამბობს მარიამ ჯაში.

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმა 14 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.