New York Post: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის კუნძულზე ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა

პუბლიკა

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის კუნძულ ჰაბისკუსზე ვილა 51.5 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაჩიაშვილმა სახლი გასაყიდად აგვისტოს შუა რიცხვებში გამოიტანა. მისი თავდაპირველი ფასი 55 მილიონით იყო განსაზღვრული, 11 დღის შემდეგ კი უცნობ მყიდველზე 51.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გარიგების ფასი რეკორდულია ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმის მიხედვით, სახლის მშენებლობა 2026 წელსაა დასრულებული.

New York Post-ის ინფორმაციით,  ბაჩიაშვილმა ეს ქონება 2021 წელს 19 მილიონ დოლარად შეიძინა. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, იმ დროს სახლი ჯერ კიდევ მშენებარე იყო. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა ქონების დასაპროექტებლად სამხრეთ აფრიკული ფირმა SAOTA დაიქირავა.

როგორც გამოცემა წერს, ვილას აქვს  ხმის იზოლაციით აღჭურვილი სახლის კინოთეატრი ბარით, საცურაო აუზი და ორი კერძო ნავსადგომი, რადგან სახლი ყურის სანაპიროზე მდებარე ორ ნაკვეთზეა განთავსებული.

მედია წერს, რომ თანამედროვე სასახლეს აქვს ხუთი საძინებელი, მოსამსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი, ექვსი სრული აბაზანა, ორი ნახევარი აბაზანა, სახლის ოფისი, სპორტული დარბაზი და 36 მეტრზე მეტი წყლისპირა ზოლი. სახლის შიგნით ასევე არის დიდი ფოიე, ორმაგი სიმაღლის ჭერის მქონე ფართო მისაღები ოთახი და პროფესიონალი შეფ-მზარეულისთვის განკუთვნილი სამზარეულო.

 „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი 18 თებერვალს საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. 

პროკურატურამ თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე.

ბაჩიაშვილს ბრალი ედებოდა დიდი ოდენობით, ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილმა მის ინვესტორს ბიძინა ივანიშვილს მოგება დაუმალა. „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი ჰქონდა წარდგენილი „მტკვარი ჰესის” საქმეზე და ასევე მსჯავრდებული იყო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზეც.