NGO-ები ითხოვენ, ჩართონ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების სამუშაო შეხვედრაში

პუბლიკა

დემოკრატიისა და სასამართლოს უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას ითხოვს და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით წერილით მიმართა, თუმცა მათი მიმართვა არ დაკმაყოფილდა.

„29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა, წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე“. – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“;
  • „საფარი“;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“;
  • „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“;
  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“;
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“;
  • „ღია სივრცე კავკასია“;
  • „უფლებები საქართველო“;
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“;
  • „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.

საქართველოს 2022 წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და დაასახელა რეფორმების 12 პუნქტი, რომელიც სტატუსის მისაღებად იყო აუცილებელი. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მათი უდიდესი ნაწილი არ შეასრულა.

წელს სტატუსის მინიჭებას თან ახლავს 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა წევრობის მოლაპარაკებები საქართველოსთანაც დაიწყოს.