NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა

პუბლიკა

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!” და „კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ლახავს არადომინანტური რელიგიური ჯგუფების უფლებებს და ავლენს უთანასწორო დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.

„ამ კუთხით, განსაკუთრებით საგანგაშოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა; პანდემიის დროს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიერ დღესასწაულების აღნიშვნისას და ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების მხრიდან გამოვლენილი ანტისემიტური რიტორიკის უგულებელყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

დაიცვას ყველა მოქალაქის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიეთგამიჯვნის, თანასწორუფლებიანობის პრინციპები;

საშუალება მისცეს მოქალაქეებს, დაუბრკოლებლად ისარგებლონ რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით, მათი კონფესიური კუთვნილების მიუხედავად;

12 იანვარს სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობისა და რელიგიური დევნის შემთხვევებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ამასთან მიიღოს ადეკვატური ზომები ძალადობის პრევენციის მიზნით;

უზრუნველყოს სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის მიერ ღვთისმსახურების თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება;

შეიმუშავოს რელიგიური კონფლიქტის ტრანსფორმაციის გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების გამოყენებით რელიგიურ თემებს შორის მშვიდობიანი, თანასწორი და სოლიდარული თანაცხოვრების პირობებსა და გარანტიებს შექმნის;

შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა;

მკაცრად შეაფასოს და დაგმოს ანტისემიტიზმი, ამასთანავე გაავრცელოს ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თბილისი პრაიდი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

უფლებები საქართველო

თანასწორობის მოძრაობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საფარი

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)