NGO-ები: ხელისუფლების უმოქმედობა კლანის მხარდაჭერის დემონსტირებაა

პუბლიკა

8 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლების უმოქმედობა სასამართლო ე.წ. კლანის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ, რომელზეც იუსტიციის საბჭოს 4 წევრი აირჩიეს, უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობოების მოწოდება და ამ გადაწყვეტილებით სისტემაში „კლანის“ პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.

„მიგვაჩნია, რომ წარსული რეფორმების სისტემური გადაფასების და საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის მისი მიზნების მიღწევას“, – აცხადებენ NGO-ები.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ 26 მაისის კონფერენციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სტრატეგია პროცესის სრული იგნორირება იყო და ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა კონკრეტულ მოსამართლეებს და სასამართლოს გავლენიან ჯგუფებს დააკისრა.

„ხელისუფლების უმოქმედობა და რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების  ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივას, რაც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს მოცემულობა კი მიუთითებს ხელისუფლების ნების არქონაზე, გაატაროს რეალური რეფორმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

NGO-ები ასევე წერენ იმაზე, რომ სასამართლოში განსხვავებული აზრის დეფიციტია. მათი თქმით, მოსამართლეებმა 26 მაისს გაიგეს კანდიდატების ვინაობა, რაც საშუალებას არ იძლეოდა მათ ხედვებზე სრულად ინფორმირებას, ამის მიუხედავად კი ერთხმად დაუჭირეს მხარი 4 მოსამართლის საბჭოში არჩევას.

„26 მაისის კონფერენცია მიანიშნებს არამარტო იმაზე, რომ სასამართლოში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, არამედ იმაზეც, რომ სისტემაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის დაფიქსირება უკიდურესად რთულია.“, – აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობოების განცხადებით, ხელისუფლება ფასადური რეფორმებით ცდილობს, საერთაშორისო პარტნიორები და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სასამართლოს სიტემის რეფორმირების სურვილი აქვს.

„ამავდროულად, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას –  მოსამართლეთა კლანის არსებობას. მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს.

დაანონსებული სასამართლოს რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ნამდვილი პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული რეფორმის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის მიზანიც სასამართლოს და, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის წევრებისგან გაწმენდას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებასა და საბჭოში მიუკერძოებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას მოემსახურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

  • საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და, ამ მიზნით, უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი;
  • საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო წერილს ხელს აწერენ:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ღია საზოგადოების ფონდი

უფლებების საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება