სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
მათი შეფასებით, საგამოძიებო უწყების ქმედება შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა.
„სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს. ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს.
ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას.
მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ. ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას,ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 29 მარტს ადრე დილიდან პროკურატურა თითქმის ერთდროულად შევიდა მარიამ ბაჯელიძის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლებში და გაჩხრიკა.
უწყება აცხადებს, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.