არასამთავრობო ორგანიზაციები გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი პირის, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის კლინიკაში გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათ არ სჯერათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიის, თითქოს ყაყიტაშვილი დაკითხვაზე გახდა შეუძლოდ.
ორგანიზაციების განცხადებით, მათთვის ცხადია, რომ ალან ყაყიტაშვილი „განყოფილებაში აწამეს“ და ეს არის „ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოში, სახელმწიფო მსახურის ხელით განხორციელდა“.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ პოლიციის იმ თანამშრომლების და თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას, ვინც დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა და მათ დაკავებას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წამების მუხლით, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამჭვირვალე, სრულ და ეფექტიან გამოძიებას.
სრულად გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას:
„ჩვენ, ხელმომწერი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცები, გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას თბილისში, პოლიციის შენობაში მომხდარი წამების ფაქტის გამო, რასაც ალან ყაყიტაშვილის სიკვდილი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი 7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვიდან კომატოზურ მდგომარეობაში, გულისრევით და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერაციისა და და ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად იგი გარდაიცვალა.
ალან ყაყიტაშვილთან ერთად გამოკითხვაზე მყოფი მეგობარი, ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოში გამოკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული” ხმა. მისი თქმით, ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს.
ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოს მასზე განხორციელებული წამების შესახებაც განუცხადა. მისი თქმით, პოლციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიციის განყოფილების იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს დაახლოებით ექვსი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი თანამდებობობის პირები. გამოკითხვისას ის მძიმედ სცემეს, ძირს დაგდებულს კი ზედ ახტებოდნენ.
პოლიციის სისასტიკეზე საუბრობს კიდევ ერთი მოწმე დიმიტრი სადოევი. ისიც ყაყიტაშვილთან და ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. მან გამოძიებას განუცხადა, რომ პოლიციის უფროსის კაბინეტიდან დარტყმის და გინების ხმები ისმოდა, მაშინ როცა შიგნით ალან ყაყიტაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დიმიტრი სადოევმა დაინახა, როგორ გამოყვანეს ნაცემ მდგომარეობაში პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ირაკლი ტატუნაშვილი – ყაყიტაშვილის გამოყვანა არ დაუნახავს. იგი წამებაში პოლიციელებს, კახა პაპინაშვილს და ლაშა ცხვიტარიას სდებს ბრალს.
სამინისტრომ საზოგადოებას წარმოუდგინა რესტორნის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რაც არარელევანტურია ყაყიტაშვილისა და სხვა გამოკითხულების წამების გამოძიებასთან საჯარო ინტერესეთან. კამერებზე ჩანს ჩხუბი, მაგრამ ასევე ჩანს, რომ ყაყიტაშვილიც და სხვა პირებიც ჯანმრთელები ტოვებენ პერიმეტრს. ეს მიუთითებს, რომ სამინისტრომ ჩხუბის კადრები პროპაგანდისტული მიზნებით გაასაჯაროვა, რათა გადაეფარა პოლიციის სამმართველოში მომხდარი წამების დანაშაული.
ალანი უკანასკნელად ცოცხალი ნახეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში. რამდენიმე საათში ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. რამდენიმე დღეში — გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ის დაკითხვაზე გახდა შეუძლოდ.
ჩვენთვის და საქართველოს საზოგადოებისთვის კი უკვე ცხადია: ალანი განყოფილებაში აწამეს.
ეს არ არის ეჭვი — ეს არის საფუძვლიანი ბრალდება, რომელიც ეფუძნება:
- მოწმე ტატუნაშვილის ჩვენებას, რომლის თანახმად, პოლიციელები მასაც სცემდნენ, დივანზე ადიოდნენ და ახტებოდნენ, ხოლო ამის პარალელურად, პოლიციის შენობის სხვა ოთახიდან ესმოდა ალანის განწირული ხმა;
- დამატებით მოწმეებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ალანს არ ჰქონდა გარეგანი დაზიანებები დაპატიმრებამდე, მაგრამ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შევიდა;
- და, ბოლოს, სახალხოდ ხელმისაწვდომ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ალანი შემთხვევის ადგილს დამოუკიდებლად, მოძრაობის სრული უნარით.
დღეს, 2025 წელს, პოლიციის შენობებში კვლავ კლავენ ადამიანებს. პოლიციის შენობებიდან ნაცვლად მართლმსაჯულებისა, ადამიანთა განწირული ყვირილის ხმები ისმის. ჩვენ არ დავიჯერებთ მითს „გული წაუვიდა დაკითხვისას”. მას დააკარგინეს გონება. დააკარგინეს სიცოცხლე.
ეს არის წამება. ეს არის ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოში, სახელმწიფო მსახურის ხელით განხორციელდა.
ჩვენ ვითხოვთ:
- პოლიციის იმ თანამშრომლების და თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას, ვინც დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა;
- მათი დაკავებას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წამების მუხლით;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამჭვირვალე, სრულ და ეფექტიან გამოძიებას.
ჩვენ ვდგავართ ალანის ოჯახთან. ჩვენ ვწუხვართ — იმიტომ, რომ ვხედავთ სახელმწიფოს ხელში მოკლულ მოქალაქეს. 2025 გრძელდება წამება.
სამწუხაროდ, ალანს უკვე ვეღარ გადავარჩენდით, მაგრამ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ მწამებლებს და მათ მფარველებს, და თავიდან ავიცილოთ შემდეგი მსხვერპლი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვაზე მყოფი პირის, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის კლინიკაში გარდაცვალების საქმეზე სასამართლო სხდომა 10 ივნისს გაიმართა – პროცესზე დაიკითხა ყაყიტაშვილის მეგობარი, ასევე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ტატუნაშვილი, რომელიც 6 ივნისის ღამეს, რესტორანთან მომხდარი დაპირისპირების დროს, ადგილზე იმყოფებოდა და მოგვიანებით ტერიტორია ყაყიტაშვილთან ერთად დატოვა.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ სხდომაზე გადაღებული ჩვენების დროს, ირაკლი ტატუნაშვილი განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობაზე საუბრობს, ამასთან იხსენებს, რომ ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული“ ხმა.
„ჩემი მეგობრის, ალანის ყვირილის ხმა მომესმა ქვემოთ რომ ჩამოიყვანეს, მაგის ხმას მე ყოველთვის გავარჩევდი, იმიტომ, რომ დიდი ხან,ია ალანს ვიცნობ და ვმეგობრობთ, ყვირილი, განწირული ხმა მესმოდა […]
სასტიკად გამისწორდა პოლიცია. განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ამიყვანეს ოთახში, სადაც ექვსი სული მაინც იქნებოდა, მაღალი თანამდებობის პოლიციელი. რა ხდებოდა, როგორ ხდებოდაო… მე ვუთხარი, არაფერი არ მახსოვს და მაგის მერე დაიწყეს რტყმა, მუშტების, წიხლების, ისეთი რაღაცები გამიკეთეს, ცხოვრებაში მაგდენი ხელი არ მომხვედრია არასდროს […]
შემდგნენ, მერე დაბლა დამაგდეს და დაბლა მცემეს, დივანზე ადიოდნენ და ეგრე მახტებოდნენ, გვერდებში, ყველგან მირტყამდნენ […]”.
რესტორნის ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკება 6 ივნისის ღამეს მოხდა – TV პირველის მიერ ადგილიდან მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ყელის არეში ჭრილობას აყენებს ერთ-ერთ იქ მყოფს, დიმიტრი სადოევს, რის შემდეგაც ის ირაკლი ტატუნაშვილთან ერთად ტოვებს ტერიტორიას. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე მიდის სასწრაფო დახმარების სამსახური და ადგილზევე დახმარებას უწევს მხოლოდ დიმიტრი სადოევს.
ტატუნაშვილის ადვოკატი, გოგიტა ბახტაძე TV პირველს ეუბნება, რომ ტერიტორიის დატოვების შემდეგ, ყაყიტაშვილი და ტატუნაშვილი გორში წავიდნენ.
TV პირველის ცნობით, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის, სმო უსოიანის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მათ იმავე ღამეს გორში ჩააკითხა და თბილისში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის მიერ მოპოვებული კლინიკის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ყაყიტაშვილი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში 7 ივნისს, 05:53 წუთზე გადაიყვანეს. ალან ყაყიტაშვილი რომ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძილაძეც ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაცია 11 ივნისს გაავრცელა – ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ გარდაიცვალა პირი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვის დროს „შეუძლოდ“ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
დარახველიძემ აღნიშნა, რომ შსს „კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან“.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნეს, რომ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში შეუძლოდ გახდომის შემდეგ კლინიკაში გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. TV პირველის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოჰკითხა რესტორანთან ჩხუბში მონაწილე ორი პირი, თუმცა უცნობია, დაიკითხნენ თუ არა სამართალდამცავები.