NGO-ები: მთავრობის სამოქმედო გეგმას არაერთი მიმართულებით სჭირდება დაზუსტება

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მთავრობამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა სათანადო ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, შინაარსი კი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას.

2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკომისიამ ქვეყანას განუსაზღვრა 9 პრიორიტეტული ნაბიჯი რეფორმებისთვის.

მათი შესრულების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება შეეძლება.

NGO-ების განცხადებით, სამოქმედო გეგმა 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა, ის ჯერ კიდევ 27 ნოემბერს იყო შემუშავებული.

ორგანიზაციების შეფასებით, სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელმაც უნდა გააჩინოს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამუშაო პროცესების მიმართ.

„თუმცა, სამოქმედო გეგმის შემუშავების და დამტკიცების პროცესში მინიმალურადაც არ ყოფილან ჩართულები სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მართალია, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნებამდე გადაეგზავნა ევროკომისიას, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ტიპის კომუნიკაცია/უკუკავშირი იყო ევროკომისიის მხრიდან და გაითვალისწინა თუ არა კომისიის რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ქართულმა მხარემ. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ მთავრობამ ევროკომისიას უკვე დამტკიცებული დოკუმენტი გაუგზავნა”. – წერია მათ განცხადებაში.

ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ, რომ ინსტიტუციურად სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია მთავრობის მიერ, მაშინ როცა მასში გაწერილი არაერთი ღონისძიება/მოქმედება პარლამენტის მანდატის ქვეშ ექცევა (ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომებს მართალია, ესწრება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი, თუმცა სათათბირო ხმის უფლების გარეშე).

„სამოქმედო გეგმის ამგვარი გზით შემუშავება/დამტკიცება უგულებელყოფს ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის და აკნინებს პარლამენტის როლს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. მიგვაჩნია, რომ სამოქმედო გეგმა პარლამენტის მიერ თუ არა, მინიმუმ მისი აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავებულიყო, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად აქტიურად იყო საკანონმდებლო ორგანო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს – გვესმის, რომ სამოქმედო გეგმა ვერ იქნება სრულად დეტალიზებული და დაწვრილებით ვერ განსაზღვრავს თითოეული მიმართულებით დაგეგმილ ყველა ნაბიჯს. თუმცა, ამავდროულად, ის უნდა ქმნიდეს კონკრეტულ ჩარჩოებსა და მოლოდინებს როგორც პროცესზე, ისე შინაარსზე. ამ კუთხით სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საკმაოდ ზოგადია და არ შეიცავს არსებულ თუ სამიზნე ინდიკატორებს და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს”. – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები ეფუძნებოდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას.

ამავდროულად, მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)