არასამთავრობო ორგანიზაციებმა გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმე შეისწავლეს.
მათი შეფასებით, აღნიშნული საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე გამოძიებულია დაჩქარებულად, ფაქტობრივად, სამ დღეში. გამოძიებას აწარმოებდა უპრეცედენტოდ ბევრი, 15 გამომძიებელი. სამ დღეში ჩატარებულია 60-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ძალიან კარგად აჩვენებს საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სახელისუფლებო მედიის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას პოლიტიკური ნების/მითითების არსებობისას – როგორ ჩქარდება გადაწყვეტილებების მიღება საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურაში, სასამართლოში, საექსპერტო დაწესებულებაში და როგორ მიმდინარეობს კოორდინაცია უწყებებს შორის ოფიციალური არხების მიღმა.
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თვალნათლივ აჩვენებს, რომ პროკურატურა ვერ ასრულებს საგამოძიებო ორგანოზე მონიტორინგის ფუნქციას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა. პროკურორს არ გაუუქმებია გამომძიებლის არცერთი უკანონო გადაწყვეტილება (რაც აღნიშნულ საქმეში მრავლადაა). უფრო მეტიც, პროკურორს მიმართული აქვს სასამართლოსთვის გამომძიებლის მიერ ჩატარებული უკანონო საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის მოთხოვნით.
ეს საქმე არის კარგი ილუსტრაცია იმისა, როგორ ვერ ასრულებს სასამართლო საგამოძიებო ორგანოებზე, პროკურატურაზე მაკონტროლებლის როლს და არის პროკურატურის შუამდგომლობების უპირობოდ დამაკმაყოფილებელი, მაშინაც კი როცა ეს შუამდგომლობები არც დასაბუთებული, არც სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისია და ეფუძნება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
ასევე, ეს სისხლის სამართლის საქმე არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი. საგამოძიებო ორგანომ, პროკურატურისა და სასამართლოს დახმარებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და გიორგი ოკმელაშვილის კომპანიის საქმიანობის შეჩერების მიზნით ამოიღო კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიებამ ასევე, ამოიღო ბრალდებულის ავტომანქანა. ამოღებულ ნივთებს არავითარი მტკიცებულებითი ღირებულება არ ჰქონდა იმ ბრალდებისთვის, რომელსაც პროკურატურა გიორგი ოკმელაშვილს ედავებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, მასიურად ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გვერდის ავლით (გამოძიება საქართველოში იწარმოება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, სადაც რთულია წარმოებული დოკუმენტების გადაკეთება/თარიღის ჩასწორება). გამოძიების ძველი მეთოდით (ქაღალდზე) წარმოება, იძლევა გამოძიების ფალსიფიცირების მეტ შესაძლებლობას. ასეთი გამონაკლისები, როგორც წესი, დაშვებულია მაშინ, როცა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ოქმებში მითითებული თარიღები და საათები არ ასახავს რეალურ დროს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
„პუბლიკა“ გთავაზობთ ლონდა თოლორაიას, ნინო ლომჯარიას და სანდრო ბარამიძის განცხადებას:
გამოძიების დაწყების შესახებ „დაზარალებული“ პოლიციელის დაგვიანებული მიმართვა საგამოძიებო ორგანოს
„ნიშანდობლივია, რომ ,,დაზარალებულმა“ პოლიციის თანამშრომელმა საგამოძიებო ორგანოს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა არა დაუყოვნებლივ, არამედ მეორე დღეს, 14 მაისს.
მოწმეთა ჩვენებების იდენტურობა, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული დროების წინააღმდეგობა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან
გიორგი ოკმელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არის აბსოლუტურად იდენტური: მოწმეები იდენტური დეტმინოლოგიით აღწერენ გარემოებებს, იდენტური ნიშნებით აღწერენ გიორგი ოკმელაშვილს.
მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მითითებული დროები (საათები, წუთები) წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეში ჩატარებულ სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან. ერთ შემთხვევაში ნახევარ საათში ჩატარებულია 6 საპროცესო მოქმედება, რაც პრაქტიკულად/ფიზიკურად შეუძლებელია, მეორე შემთხვევაში 40 წუთში ჩატარებულია 6 საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ამ დროში კახეთიდან დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში ჩამოსულია გამოძახებული მოწმე პოლიციელი.
უკანონოდ ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობები
სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ოკმელაშვილის ფოტო ამოსაცნობად წარედგინა სამ პოლიციელს. სამივე ამოცნობა არის უკანონო:
● სამივე შემთხვევაში ფოტოსურათით ამოცნობის ჩატარების საფუძვლად მითითებულია, რომ ,,უცნობია გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელი“, თუმცა საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ საგამოძიებო ორგანო შეეცადა გიორგი ოკმელაშვილის მოძებნას. ნიშანდობლივია, რომ დაკავების მიზნით გიორგი ოკმელაშვილის პოვნა გამომძიებელმა შეძლო დაუყოვნებლივ;
● გამოცნობამდე, ორ ამომცნობ პირს (პოლიციელს) წინასწარ ჰქონდა ნანახი გიორგი ოკმელაშვილის ფოტო;
● სამივე ამოსაცნობი პირი, ამოცნობის ოქმებში იდენტურად, ერთი და იგივე სიტყვებითა და ნიშნებით აღწერენ გიორგი ოკმელაშვილის გარეგნობას და იმ მახასიათებლებს, რომლითაც იგი ამოიცნეს, მაშინ როცა ფოტოსურათით ამოცნობები ჩატარებულია სამი სხვადასხვა გამომძიებლის მიერ, ზუსტად ერთი და იგივე დროს.
უკანონოდ ჩატარებული ჩატარებული ჩხრეკა, ამოღებები
სისხლის სამართლის საქმეში პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობები და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებები ჩხრეკებისა და ამოღებების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია. პროკურატურამ სასამართლოს სულ წარუდგინა 7 შუამდგომლობა ჩხრეკისა და ამოღების შესახებ, მათ შორის, 4 შეეხებოდა გადაუდებლად ჩატარებულ ჩხრეკა/ამოღებას.
● გამომძიებლის არც ერთი დადგენილება, რომლის საფუძველზეც გადაუდებლად ჩატარდა ჩხრეკა/ამოღება, არ არის დასაბუთებული. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებდა, რომ არსებობდა გადაუდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება/საფუძვლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში არათუ გადაუდებლად, საერთოდ არ არსებობდა ამოღების საფუძველი;
● ჩხრეკის/ამოღების შედეგად ამოღებულია ისეთი ნივთები, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს გიორგი ოკმელაშვილისთვის წარდგენილ ბრალთან. მაგალითად, გამოძიებამ ამოიღო გიორგი ოკმელაშვილის ავტომანქანა, რომელიც არც დანაშაულის საგანია, არც იარაღი, არც საშუალება და არც დანაშაულის კვალი აღენიშნებოდა. ოფისის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები, ლეპტოპები. ავტომანქანის ამოღებას და მისი ოფისიდან დიდი მოცულობით ტექნიკის ამოღებას შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ერთი მიზანი: გიორგი ოკმელაშვილის დასჯა, მისი ოფისის საქმიანობის შეჩერება/შეფერხება;
● პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. არც ერთ მათგანში არ არის მითითებული რა საგნის, ნივთის აღმოჩენისა და ამოღების მიზნით ტარდება ჩხრეკა, არც ერთ მათგანშია არის მითითებული რა გახდა გადაუდებლად ჩხრეკის, ამოღების ჩატარების საფუძველი და რა კავშირი აქვს ამოსაღებ ან ამოღებულ ნივთებს საქმესთან;
● მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა სრულად, იმავე დღეს, ძირითადად მიმართვიდან 3-4 საათში. ერთ მათგანზე განჩინება გაცემულია არასამუშაო საათებში. სასამართლოს არც ერთ განჩინებაში არ არის მითითებული რა ნივთის ამოღების მიზნით უნდა ჩაატაროს გამომძიებელმა ჩხრეკა და რა კავშირი აქვს ამ ნივთებს საქმესთან.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებული და დამაგრებული ვიდეოჩანაწერები
საგამოძიებო ორგანოს უჩვეულოდ სწრაფი კოორდინაცია აქვს სახელისუფლებო მედიასთან (ამ შემთხვევაში იმედთან), რომელიც უსწრაფესად გადასცემს საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნილ ვიდეოჩანაწერებს. დიდი მოცულობის ვიდეოჩანაწერებში სახელისუფლებო მედია ზედმიწევნით სწორად არჩევს გამოძიებისთვის საინტერესო ჩანაწერებს.
სხვადასხვა გამომძიებლის მიერ შედგენილ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში, რომლებიც შეეხება ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას, ინდენტურად არის აღწერილი საქმის გარემოებები, გიორგი ოკმელაშვილის გარეგნობა. ამასთან, არც ერთ ოქმში არ არის აღწერილი რა მოცულობის ვიდეოჩანაწერები იქნა გამოთხოვილი.ხოლო, ერთ-ერთ ოქმს ეტყობა ინფორმაციის შემდგომ დამატების, ანუ ფალსიფიცირების კვალი.
დაგვიანებით დანიშნული, არარეალისტურად მოკლე დროში მომზადებული ექსპერტიზის დასკვნები და არასრულყოფილი ექსპერტიზები
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ბრალის წარსადგენად საჭირო ექსპერტიზები დანიშნულია სწრაფად და დასკვნებიც მომზადებულია არარეალისტურად მოკლე დროში: მაგალითად, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია უპრეცედენტოდ შემჭიდროებულ ვადაში – რამდენიმე საათში, ღამის საათებში, მაშინ როცა ასეთი სახის ექსპერტიზის დასკვნების მომზადებისთვის ექსპერტს როგორც წესი ჭირდება მეტი დრო.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას არ ერთვის ,,დაზარალებული“ პოლიციელის დაზიანებების ამსახველი ფოტოები. აღნიშნული აჩენს დასაბუთებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის თანამშრომელს საერთოდ არ ჰქონდა დაზიანებები. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ,,დაზარალებულმა“ პოლიციელმა საგამოძიებო ორგანოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა (როგორც ჩანს, იგი თავს არ გრძნობდა დაზარალებულად და საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვა სწორედ ამიტომ არ ჩაუთვლია მიზანშეწონილად).
დაზარალებული პოლიციელისაგან ამოღებულ საწვიმარზე სისხლის კვალის დადასტურების მიზნით ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა 21 დღის შემდეგ. გაუგებარია რატომ დაინიშნა ექსპერტიზა დაგვიანებით, მაშინ როცა საწვიმრის ამოღება მოხდა გადაუდებლად, სასწრაფო წესით.
პროკურორი და მოსამართლეები
აღნიშნული სისხლის სამართლის პროკურორია – ანი ხუბეჯაშვილი
მოსამართლეები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები:
● დავით მგელიაშვილი
● დავით კურტანიძე
● თეონა ეპიტაშვილი
მოსამართლე, რომელმაც საქმე არსებითად განიხილა – გიორგი გელაშვილი.“
ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი ჰქონდა წარდგენილი 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს. ამ მუხლზე ოკმელაშვილს 2024 წლის ამნისტია შეეხო, შესაბამისად, გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან.
ოკმელაშვილის თქმით, მას ეს ნარკოტიკი 2 წლის წინ აჩუქეს და ვინაიდან მომხმარებელი არაა, თაროზე ედო და დაავიწყდა.
დაცვის მხარე სასამართლოში საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობდა, რათა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი უფლებამოსილების ფარგლებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულების შეწყალება ვერ მოესწრო.