გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გიორგი ოკმელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა:

„პარლამენტის გვერდით ერთმანეთისგან აშკარად გამოკვეთილი ხალხის 3 ჯგუფი ვიყავით. ერთი ვიყავით დემონსტრანტები, რომლებიც ვაპროტესტებდით რუსულ კანონს, მეორე იყო პოლიციელები, რომლებიც აშკარად რაღაც სტრუქტურულად მოძრაობდნენ, წესების მიხედვით იდგნენ და ხაზად აკეთებდნენ საზღვარს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

პოლიციელებს ზურგზე ეწერათ პოლიცია, აქედანაც თვალნათელი იყო, რომ ეს ადამიანები რაღაც სტრუქტურის ნაწილი იყვნენ. იყო კიდევ მესამე ჯგუფი, რომლებსაც ეცვათ შავები და ეკეთათ ნიღბები და უმრავლესობა მათგანს არ ეკეთა არც პოლიციის ნომერი, არც წარწერა. ვერ ხვდებოდი, ვინ იყვნენ ესენი.

პერიოდულად, ეს შავნიღბიანი ბანდის წარმომადგენლები გამოეყოფოდნენ პოლიციის კორდონს და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იწყებდნენ დემონსტრანტებზე ძალადობას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზოგიერთ დემონსტრანტს იჭერდნენ, მიათრევდნენ პოლიციის კორდონს უკან და იქ უწყებდნენ მათ გაათმაგებულ ცემას. ზუსტად, ნიღბიანების ასეთმა ქმედებამ პირველად მაფიქრებინა იმაზე, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ პოლიციელები. ეს ადამიანები აშკარად მოქმედებდნენ ქაოსურად, გვლანძღავდნენ, რაც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, წარმოუდგენელი იყო პოლიციელისგან. მე ჩემს წარმოსახვაში პოლიციელი მგონია ადამიანი, რომელიც იცავს წესრიგს და სუსტებს, იმ ადამიანების მიმართ, რატომღაც არ გამიჩნდა ეგ გრძნობა. ცხოვრებაში არასდროს პოლიციელების მიმართ არ გამომიჩენია არანაირი უპატივცემულობა. მაგრამ ამ ადამიანების ქცევა ჩემში იწვევდა ისეთი გრძნობების გაღვივებას, რომლებიც მაიძულებდა ჩემი გვერდზე მყოფები დამეცვა. ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, გადავსულიყავი მეც ჭიდაობასა და ჯაჯგურზე.

მორაგბე ვარ, ვთამაშობდი ბავშვობიდან, ჯაჯგური და ჭიდაობა ჩემთვის გასართობივით იყო ბავშვობაში და არ ვიბნევი ეგეთ დროს – მიჩვეული ვარ, რომ ჭიდაობაში, ჯაჯგურში ჩემი გუნდელი, თანამოაზრე დამეცვა. ამიტომაც გადავწყვიტე, ხელი შემეშალა და მეც ჩავრთულიყავი ამ ჭიდაობაში, ცემა-ტყეპაში. ბევრს ხელს ვკრავდი, რომ სუსტები არ გაელახათ, დემონსტრანტს კი ჩვენს მხარეს ვაგდებდი. თუ კადრებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ეს ყველაფერი რასაც ვამბობ, მართალია. ზოგიერთ შავნიღბოსანს იქ ხელში ეჭირა რკინის ჯოხი… არ ვიცი, რკინის ჯოხი პოლიციელს? კიდევ ერთხელ მაეჭვებდა, რომ ესენი არ იყვნენ პოლიციელები და იყვნენ რაღაც ხროვის წევრები. როგორც პროკურორი იძახის, მე პოლიციელს მუშტი არა, იდაყვი ჩავარტყი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მორიგ ჯერზე მივდიოდი შავნიღბოსნის გასაგდებად – მე იქ არ მივსულვარ დასარტყმელად ხელის, იქ მივედი გასაგდებად, იმიტომ, რომ ის ადამიანები მთელი დღის განმავლობაში ჩვენთვის წარმოადგენდნენ საფრთხეს.

მთელი დილა ისინი ტოვებდნენ კორდონს, გადმოდიოდნენ, გვირტყამდნენ, მათგან მოდიოდა საფრთხე, როგორც კი დატოვებდნენ ხაზს, იმ წუთას იწყებოდა დემონსტრანტების ცემა, ძვლებში მტვრევა. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, დამაკავა იმდენმა ადამიანმა, თავიდან მეგონა, ვიღაცაში ვეშლებოდი, სახლში მივიდნენ ჩემი მეუღლის ლეპტოპი წაიღეს, ბავშვის ელექტროძიძის მოწყობილობა წაიღეს, ოფისში წავიდნენ და მთელი ოფისი გამიჩხრიკეს. ჩვენ ახალ ტექნოლოგიებზე ვმუშაობთ და ეს კომპიუტერები, დაახლოებით, იგივეა, რაც მოცურავისთვის აუზი – წაიღო ეს ტექნიკა პროკურატურამ და დააყადაღა, უკვე 9 თვეა. რაც მაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ქალბატონი პროკურორი ასრულებს ვიღაცის დავალებას და მიზანმიმართულად ჩემ მიმართ ხორციელდება რაც შეიძლება აგრესიული და არასწორი ქმედება და პოლიტიკა“, – თქვა მან.

მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში გადაწვეტილება ასე განმარტა:

„საბოლოო ჯამში, საკითხი იყო ასე, ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და დაცვის მხარესთან გაცვლილი ჰქონდა… დაცვამ მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარი განაცხადა. …დაცვის მხარემ საბოლოო ჯამში სასამართლოს შესთავაზა, youtube-ში გვეყურებინა მასალები და ისე მიგვეღო გადაწყვეტილება. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს იმ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც საქმეშია.

რაც დასაო გახდა დაცვის მხარისთვის, და როგორ დაინახა დაზარალებულმა მხარემ ზურგიდან ხელის ჩარტყმის მომენტი… დაცვამ სასამართლოს შესთავაზა, რომ მიგვეღო ეს როგორც პრეიუდიცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტი დადგენილია და ამ ფაქტში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

ერთადერთი საკითხი, რაც დაცვამ სამართლებრივი კუთხით დააყენა – იყო თუ არა ქმედება პოლიციელზე თავდასხმა თუ სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ხელის შეშლა. საქმის მასალებში რაც არის გამოთხოვილი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერები, დათვალიერების ოქმი, ერთობლიობაში მიანიშნებს, რომ პირები, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, პოლიციელები ამ შემთხვევაში, მათ გიორგისთან საერთოდ არ ჰქონდათ შეხება, ისინი ასრულებდნენ მასზე დაკისრებულ მოვალეობას… თუმცა, იმ ჯგუფს გამოეყო გიორგი ოკმელაშვილი, რომელმაც პოლიციელზე განახორციელა საბოლოო ჯამში აქტიური ქმედება”, – განაცხადა გიორგი გელაშვილმა.


ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი ჰქონდა წარდგენილი 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს. ამ მუხლზე ოკმელაშვილს 2024 წლის ამნისტია შეეხო, შესაბამისად, გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან.

ოკმელაშვილის თქმით, მას ეს ნარკოტიკი 2 წლის წინ აჩუქეს და ვინაიდან მომხმარებელი არაა, თაროზე ედო და დაავიწყდა.

დაცვის მხარე სასამართლოში საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობდა, რათა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი უფლებამოსილების ფარგლებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებულების შეწყალება ვერ მოესწრო.


რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე სისხლის სამართლის წესით ჯამში 10 პირი დააკავეს.