ნიღაბი, რაც მედიკოსს უკეთია აეროპორტში, მას ვერ დაიცავს ვირუსისგან - ვახტანგ კალოიანი

პუბლიკა

„ჩვენს წუხილს იწვევს კადრები, რომელიც გავრცელდა აეროპორტიდან. ჩვენ ვხედავთ კოლეგებს, რომელთაც არ აქვთ დამცავი საშუალებები. ის ნიღაბი, რაც უკეთია კოლეგას, მას ვერ დაიცავს ვირუსული ინფექციისგან. “, – ამის შესახებ  „ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების დამფუძნებელმა“ ვახტანგ კალოიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქამდე არ ჰქონია სისტემური პრობლემა ეპიდემიასთან გამკლავების. ამასთან მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კორონავირუსთან მიმართებით წარმატებული საინფორმაციო კამპანია აქვს, თუმცა, მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ  მედიკოსები, რომლებიც ამოწმებენ მგზავრებს, არ არიან სათანადოდ ეკიპირებულნი და ეს აღჭურვილობა მათ ვერ დაიცავს ვირუსისგან.

„ჩვენ აქამდე არ გვქონია სისტემური პრობლემა ეპიდემიასთან გამკლავების.
ხელისუფლებას იშვიათად, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებული საინფორმაციო კამპანია აქვს. ყველა პასუხისმგებელი პირი, ყველა სპეციალისტი, რომელიც უნდა იყოს ამაში ჩართული, ახდენს დროულ, ადექვატურ და კვალიფიციურ ინფორმირებას მოსახლეობის. ინფორმაცია არ არის დამალული, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საინფორმაციო კამპანია არ არის მხოლოდ საინფორმაციო კამპანია და რატომ… ჩვენს წუხილს იწვევს კადრები, რომელიც გავრცელდა აეროპორტიდან.

ჩვენ ვხედავთ კოლეგებს, რომელთაც არ აქვთ დამცავი საშუალებები. ის ნიღაბი, რაც უკეთია კოლეგას, მას ვერ დაიცავს ვირუსული ინფექციისგან. არსებობს სპეციალური რესპირატორები, რომელიც დაიცავს.  შეადარეთ შემმოწმებელი კოლეგა თბილისის აეროპორტში და შეადარეთ შემმოწმებელი კოლეგის ჩართულობა მაგ: პარიზის აეროპორტში, ან რომის აეროპორტში. ჩვენ ვერც ერთ ჩვენს კოლეგასთან ვერ ვხედავთ სათვალეს. ეს არის ძალიან მცირე დეტალი, თუმცა ის დეტალი, რომელშიც არის ეშმაკი.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონა ვირუსის პრევენციისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა კომისია ყველა უწყების წარმომადგენლის მონაწილეობით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები უკვე დაიწყო. ადგილზე მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია  3000-მდეა ადამიანი, –  BBC-ის ცნობით,   44 შემთხვევა აღინიშნა ჩინეთის საზღვრებს გარეთ,  ტაილანდის, აშშ-ისა და ავსტრალიის ჩათვლით.

ჩინეთის გარდა, სიკვდილის შემთხვევა არსად არ დაფიქსირებულა.