ნიკა გილაური სოციალურ ქსელში ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ძმა, „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გილაური სანქცირების მოთხოვნით მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში მოხვდა.
გილაური წერს, რომ მისი ძმის ამ სიაში მოხვედრა „მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ „კაგებეშნიკური“ ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა“.
გილაურის თქმით, ირაკლი გილაურის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები, სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან, რომლებიც რეალურად არიან და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე.
„ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ის კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი ვიზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია – შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, – წერს გილაური.
13 იანვარს განცხადება გაავრცელა „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭომაც.
ისინი აცხადებენ, რომ ირაკლი გიალურის სრულად ენდობიან და არ ეთანხმებიან მისი სანქცირების მოსაზრებას.
„დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
„რადიო თავისუფლება” კარგად ინფორმურებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წერილი დღეს, 2025 წლის 9 იანვარს გაიგზავნა და მასში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი – ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.