ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიკა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტიდან მიღებული უწყება გვარამიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ის გამოკითხვას უკავშირებს თავის ფეისბუქპოსტს, რომელიც 3 დეკემბერს გამოაქვეყნა: „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“.

როგორც სუს-ში „პუბლიკას“ განუმარტეს, გვარამია გამოკითხვაზე „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ არის დაბარებული. სუს-ში არ აკონკრეტებენ, საქმე ეხება თუ არა გვარამიას ფეისბუქპოსტს „უზურპატორის დამხობაზე“.

**********

ნიკა გვარამიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას განცხადება შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„ეს მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ სხვა არაფერია, თუ არა მათი რეალური ზრახვის გამოვლინება და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი – ხელისუფლების დამხობა, რევოლუციური სცენარი, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან,  განცხადებებში იქნებიან ფრთხილნი და დარჩებიან სამართლებრივ ჩარჩოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებები შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულებრივ ნიშნებს, რასაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია  მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

გუშინ ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა ფეისბუქპოსტი: „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“.

„ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი შემთხვევა ჩემზე გამოძიების დაწყების. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და შეფასება იმის მიმართ, რას წარმოადგენს დღეს ხელისუფლება, უფრო სწორად ერთი ადამიანი“, – ასე გამოეხმაურა დღეს ნიკა გვარამია ოხანაშვილის შეფასებას.