27 მაისს, 18:00 საათზე „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლესთან აქციას აანონსებს.
ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მისი მხარდამჭერები დღეს უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ 27-ში პრეზიდენტის სასახლესთან მასშტაბური აქცია იგეგმება ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. მათი თქმით, გვარამიას გათავისუფლების ბერკეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქვს.
„ამ უსამართლობის დასრულება პრეზიდენტს შეუძლია, მას აქვს ეს გასაღები და უნდა გამოიყენოს. მე არ ვიცი, ვინ უფრო დამნაშავეა ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები და 22 ივნისს აქვს ბოლო თარიღი, რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ეს უსამართლობა დაასრულოს და არ აკეთებს ამას“, – აცხადებს „გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრი, გედევან ფოფხაძე.
პოლიტიკოს გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ბრძოლა არ შეწყდება მანამ, სანამ ნიკა გვარამია თავისუფალ საქართველოში თავისუფალი არ იქნება“.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ქვეყანას მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არ აქვს. ჩვენთვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში სამართალს ვერავინ იპოვის. სამართალი არ არის არც ნიკასთვის, არც ჩვენთვის და საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის, მაგრამ გვაქვს იმის რწმენა, რომ ჩვენ ბრძოლას აქვს აზრი და ჩვენი ბრძოლით მივაღწევთ იმას, რომ ნიკა მალე იქნება თავისუფალი“, – ამბობს ფოფხაძე.
უზენაეს სასამართლოსთან, გვარამის მხარდამჭერ აქციაზე დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის მეგობრები, კოლეგები და მხარდამჭერები მივიდნენ. მათი თქმით, გვარამია ერთი წელია უკანონო პატიმრობაში გამოგონილი ბრალდებით ზის.
„ნიკა უკანონოდ დააპატიმრეს, სრულიად გამოგონილი ბრალდებით. ჩვენ მისი პატიმრობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ 27 მაისს დიდი აქცია დავაანონსოთ. გადადებული ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი თვის ბოლოს ევროპარლამენტში მაინც აპირებს ჩასვლას. მნიშვნელოვანია, რომ 27-ში ყველამ დაინახოს, რა არის საზოგადოების დამოკიდებულება გვარამიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. 27-ში ყველას შეუძლია მოვიდეს აქციაზე პრეზიდენტის სასახლესთან და მნიშვნელოვანია, ყველამ გააგონოს ხმა პრეზიდენტს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
როგორც გვარამიას უფლებადამცველი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, მესამე ინსტანციის სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე საჩივარი ხუთი თვეა შესულია, თუმცა ამ დრომდე არ დანიშნულა არც საქმის განხილვა და არც იმ მოსამართლეთა კოლეგიაა შერჩეული, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს. მისი თქმით, სასამართლო არღვევს კანონს, რადგან საქმის განსახილველად უზენაეს სასამართლოს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ვადები აქვს, რომელიც ამ შემთხვევაში დაარღვია.
„5 თვეა გასული ჩვენ მიერ საჩივრის შეტანიდან. საერთო ჯამში, საქმის განხილვისა და გადაწყვეტისთვის ექვსთვიანი ვადა აქვს კანონით სასამართლოს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა დარჩენილი მხოლოდ, დღემდე სასამართლო პალატის შემადგენლობა არ არის დაკომპლექტებული. ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლება აჭიანურებს ამ პროცესს, არღვევს კანონით გათვალისწინებულ ვადებს და ცხადია, აქაც იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია”, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს, 3 მაისს 40-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და ნიკა გვარამიას საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიეღო. ასევე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებდნენ უზენაეს სასამართლოს, ობიექტურად და მიუკერძოებლად განეხილა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი უკვე გაკეთებული ჰქონდა. ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.