პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პუბლიკა

მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა 40-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. განცხადებაში ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას.

„ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების ისეთ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მედიის ადვოკატირების კოალიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში.