ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს - IDFI

პუბლიკა

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს, – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია.

აქვე ვკითხულობთ, რომ შეწყალების ინსტრუმენტი, ფაქტობრივად, ერთადერთი ეფექტიანი გზაა პრობლემის დროულად გადასაწყვეტად და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლების აღმოსაფხვრელად.

ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკული მედიის გენერალური დირექტორის დაპატიმრება არა ერთადერთ, თუმცა არსებითი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უმთავრესი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების განმუხტვაა კონსტიტუციის მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს ძირითადი კანონი პრეზიდენტს აკისრებს კონსტიტუციურ ვალდებულებას მიიღოს ყველა ზომა, ევროპის კავშირში ინტეგრაციისთვის.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენება არის აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური გზა, რომელიც თავსებადია როგორც შეწყალების ინსტრუმენტის კონსტიტუციურ მიზნებთან ისე საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ კომპეტენციასთან.

ნიკა გვარამიას შეწყალება სრულად აკმაყოფილებს შეწყალების ინსტიტუტის კონსტიტუციურ მიზნებს. მეტიც, სახელმწიფოს ძირითადი კანონის 78-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტს ავალდებულებს ”მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის პირად კონსტიტუციურ პასუხისმგებლობად შეიძლება იქნეს განხილული“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ კვლავ გააქტიურდა დისკუსია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ.