დღეს, 3 თებერვალს ჟურნალისტს ნიკა კაციას საქმეზე სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს.
სხდომაზე ისაუბრა ბრალდებულმა ნიკა კაციამაც, რომელსაც პროკურატურა განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. კაცია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
დღეს წარმოთქმულ სიტყვაში მან გაიხსენა დაკავების დღე და ისაუბრა მის მიმართ მოპყრობაზე. გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი გამოსვლიდან:
„პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს. ეს სიტყვები უნდა ვთქვა, მე არ მომეცა წინა სასამართლოზე შესაძლებლობა, რომ გამომეხატა ჩემი აზრი.
მე დღეს სიმბოლურად მაქვს წამოღებული სასამართლოზე ცარიელი ფურცლები, ვინაიდან, როგორც ჩანს, ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ფურცელსაც კი მიკრძალავენ, რომ გამოვიტანო საპატიმროდან, სადაც შემიძლია, რომ გამოვხატო ჩემი აზრი…
აქ უნდა ყოფილიყო შემდეგი შინაარსის ასეთი ერთ-ერთი წარწერა: The best is yet to come… ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. მითხრეს, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზები არ შეიძლება რომ დავწერო, ინგლისური ბევრმა იცით და თარგმნეთ, თუ შეიძლება.
მე მაქვს კითხვები ირაკლი კობახიძესთანაც, მე-9 მოწვევის პარლამენტის დროს თავმჯდომარედ რომ აირჩიეს, ექსკლუზიური ინტერვიუს დროს, ის დაპირებები, რომლებიც ეხებოდა მართლმსაჯულებას, რომელიც ეხებოდა უამრავ საკეთილდღეო საქმეს ქვეყნისთვის… დღეს კი რას ვხედავთ – შვილებს ართმევენ დედებს, ძმებს ართმევენ დედმამიშვილებს, ოჯახის სიწმინდეზე მღაღადებელ ხელისუფლებაში ჩვენ რას ვუყურებთ?! – რომ აუბედურებენ ოჯახებს.
…მგონია, რომ სადღაც აბსურდის თეატრში ვარ. თან რა არის იცით, რომ მე, როგორც ვიცი, ცილისწამებაც კანონით ისჯება, პროკურორის მხარე რასაც ამბობს ახლა და რასაც მოქმედებს, თავიდან ბოლომდე არის ცილისწამება..
…ადამიანების რაოდენობა, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩემი დაკავების პროცესში… 3 ეკიპაჟი ეს მე რაც დავთვალე, იყვნენ წარმოდგენილნი. …ამ რამდენიმედან [საქმეში] ფიგურირებს მარტო სამი.
…გუშინ „TV პირველის” ლაივში შემთხვევით აღმოვაჩინე ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც უშუალოდ მეძახდა ნაბო**რს, უშუალოდ მეძახდა, რომ ჩაგამუ**ლებ, უშუალოდ მეუბნებოდა, რომ შენძრეული ხარ. ეს ხდებოდა მთელი გზის განმავლობაში.
კიდევ არის ძალიან საინტერესო ფაქტორი, რომელზეც მინდა, რომ გაამახვილოთ ყურადღება:
ბრალდება რომ წინასწარ შეთითხნილია და თეთრი ძაფით არის შეკერილი, ეს გვერდით რომ გადავდოთ – ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან [ცეკაპედეს – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი] შენობამდე არცერთი კითხვა არ იყო დასმული ამ რაღაცა საშუალებაზე [ბრალად წარდგენილ ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე], რომელიც თვალითაც არ მაქვს ნანახი, რაც არათუ ჩამიდეს, პირდაპირ გამიფორმეს.
მთელი გზა კითხვებს მისვამდნენ „დაიტოვეზე“, მთელი გზა მისვამდნენ კითხვას, თუ რატომ ვარ ამა და ამ ჩატში, თან სქოლავდნენ.
ამას ახლა იმიტომ ვუსვამ ხაზს და ცოტა ირონიით, რომ მთელი გზის განმავლობაში, მაშ შორის შენობაშიც, როცა მეუბნებოდნენ – რომ „რიჟიკა ხარ”, „ქათმებთან რატომ დადიხარ აქციაზე“, მაშინაც კი არ დასმულა ერთი კითხვაც კი.
სულ ვფიქრობდი, შეიძლება თუ არა გამაბოროტოს ბატონი ჭიტაძის [ნუგზარ ჭიტაძე – საქმის პროკურორი]… არ ვუსურვებდი მის შვილს, რომ მოექცნენ ისე უსამართლოდ, როგორც მე მიპირისპირდება დღეს რეჟიმი. ოღონდ მართლა ვერ ვხვდები რის გამო, იმიტომ, რომ მიყვარს ქვეყანა და იმიტომ, რომ მე შეიძლება მქონდეს თქვენგან განსხვავებული აზრი, ამიტომ?
…მოტივაცია ჩემთვის არის ის, რომ ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ…
…ამ ლოკაციებზეც როცა არის საუბარი, სამწუხაროდ, დაშინებული არიან ქვეყანაში ადამიანები, [ტაქსის] მძღოლის პასუხი იყო, რომ „შარი არ უნდა“. ასეთი, ერთი ორი და სამი კი არ არის, არის უამრავი, მათ შორის ისინი, ვინც დაინახა, მე როგორ გამოვედი სადარბაზოდან, როგორ დამახტა თავზე ამდენი ადამიანი…
…თუ ამდენი სითამამე აქვს რეჟიმს, შემოიტანოს იარაღი და მესროლოს, ამისაც არ მეშინია… ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეზე ემოციური ზეგავლენა მოვახდინო, ეს არის იცით რა – აი, უბრალოდ ზიხარ და მე რომ თქვენ გითხრათ, რომ თქვენ ხართ მკვლელი. დაახლოებით ასეთ უსამართლობასთან ვარ დაპირისპირებული.
…3 დეკემბერს თაბუკაშვილის ქუჩაზე გადამიღო იმ ადამიანმა ვიდეო (ამის დამადასტურებელი ვიდეო ახლაც დევს სოციალურ ქსელებში, მათ შორის ტიკტოკზე, ფეისბუქზე და ყველგან), 3 დეკემბრიდან რამდენიმე დღეში, 7 დეკემბერს მე რომ დამაკავეს, ოთახში ვინც იჯდა და წყალი ვინც მომაწოდა და ქედმაღლურად მელაპარაკებოდა, იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც 3 დეკემბერს ვიდეო გადამიღო.
…რა მდგომარეობაში მაყენებს სისტემა, რომ მე უნდა ვეძებო ის, რაც რეალურად თავად უნდა გააკეთოს პროკურატურამ… ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყო, საერთოდ არაფერი არ მაქვს ახლა სალაპარაკო, იმიტომ, რომ ჩემზე უფრო პირველმა ჭიტაძის უწყებამ იცის, ვინც იტყუება“, – განაცხადა კაციამ პროცესზე.