ნიკა მელია ამნისტიაზე თანხმობას არ აცხადებს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მელია სხდომას ვერ ესწრება, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მელიამ მედიასთან განცხადება სასამართლოს ეზოში გააკეთა.

მისი თქმით, მოსამართლემ მის ადვოკატს, დიმიტრი საძაგლიშვილს ჰკითხა, თანახმა იყვნენ თუ არა 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, რომელიც პარლამენტმა სამშაბათს მიიღო.

„ეს ადამიანები ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს. მოვედი, რომ ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს, დასრულდეს საბოლოოდ.

არანაირი თანხმობა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას მოწყალებას ვთხოვ, რომ ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია დანაშაული, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი და ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს… საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე შეწყალება, რა თქმა უნდა, არ აქვს და გთხოვთ, წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ რეჟიმში ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ. ვფიქრობ, ეს უნდა მიიღოს საბოლოო პასუხად მოსამართლემ და „ქართულმა ოცნებამაც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა და როდესაც ამნისტიის აქტს პარლამენტი გამოსცემს, ის ყველაზე ვრცელდება. მისი თქმით, დათქმა თანხმობის მექანიზმზე კანონში მის გამო ჩაიწერა.

10 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ევროკავშირის მიერ გადმორიცხული 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მან რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა, თუმცა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქმის განხილვა გრძელდება.


საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონი მიიღო.

კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და რომელიც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.