პარლამენტმა 20-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონი მიიღო

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონი მიიღო.

კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და რომელიც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია ვრცელდება პირებზე, ვინც ჩაიდინა იგივე დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

ამნისტია არ ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 1441-1443 მუხლებზე, რაც წამებას და დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის მოვლენების ამნისტირება 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, თუმცა ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ კანონის შინაარსზე ვერ შეთანხმდნენ და ოპონენტებმა ალტერნატიული პროექტი წარმოადგინეს, რომელიც II მოსმენაზე ჩავარდა. აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, თუმცა კანონპროექტი საბოლოო კენჭისყრამდე მაინც მიიტანა.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მიუღებელია ამნისტიის პროექტით გათვალისწინებული თანხმობის მექანიზმი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და პროექტში ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩაიდო.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტირებას არ ეთანხმებიან აქციის დროს დაშავებულები და აქტივისტები. მათ არაერთი განცხადებით მიმართეს მოლაპარაკებაში ჩართულ ფასილიტატორებს და პოლიტიკურ მხარეებს, თუმცა უშედეგოდ.

რა წერია მიშელის დოკუმენტში ამნისტიაზე:

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.