ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის დატოვების შემდეგ ნიკა მელიამ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანია და სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ „გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები“ ამასთან დაკავშირებით მას არ აქვს.

„მე მეგობრებთან ერთად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას პოზიციით, ამ ეტაპზე სამოქალაქო თანხმობა შეიძლება გულისხმობდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის დასრულებას და სანდო არჩევნებს, რომელიც არ ყალბდება.

„ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარების, მან ამის თაობაზე საჯაროდ ისაუბრა ჩემდა გასაკვირად, როდესაც იგი აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რომ ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეები, რადგან აქ აღარ გაეჩერებათ, ეს არის განსხვავებული რამ, რაც მომისმენია ბოლო წლების განმავლობაში, იმ ადამიანებისგან გასნხვავებით, ვინც წლების განმავლობაში ახმოვანებდნენ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ამ ვითარებიდან გამოსავალი  პრეზიდენტს სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია „რეჟიმზე“.

„რეჟიმი რის რეჟიმია, რომელიც საკუთარი ხელით მოისწრაფებს, შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას. აქ მნიშვნელოვანია თავად ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, რომელსაც აქვს ისტორიული შანსი, ჩემი შეფასებით, შეუძლია არა უბრალოდ როლი ითამაშოს, არამედ დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მას აქვს ბერკეტი, ვფიქრობ, სწორი კომუნიკაციის პირობებში იგი მოიპოვებს ამ პროცესში მხარდაჭერას და შეიძლება აქედან რამე გამოვიდეს“, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ის განცხადება შეაფასა, რომელიც კობახიძემ ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. კობახიძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასასუსტებლად ყველაფერს გააკეთებენ.

მელიას შეფასებით, ხელისუფლება რეალობასაა აცდენილი და წარმოდგენა არ აქვთ, რა სურთ.

მელიას განცხადებით, „მიტაცებული ძალაუფლების შემდეგ ივანიშვილის წარმომადგენლებმა“ ვერაფერი ვერ გააკეთეს და ვერაფერი ვერ თქვეს, რაც ადამიანს უკეთესი ყოფის იმედს გაუჩენდა, ამის ილუსტრაციაა კობახიძის ეს განცხადებაც.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ამ კონტექსტში ზურაბიშვილის ინიციატივით ჩანს, რომ „სინათლე ბჟუტავს“.

„ბატონი კობახიძე არის ტრაგიკული მოვლენა ქართული სახელმწიფოსთვის. ადამიანი, რომელსაც ერთი სახელმწიფოებრივი სიტყვა არ წამოსცდება, არც პენსიაზე, არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არც ახალგაზრდების ყოფაზე, არც განათლებაზე, არც რეფორმაზე, არც ხელოვნებაზე და კულტურაზე, 24 საათის განმავლობაში საუბრობს დევნაზე, დაპატიმრებაზე, შევიწროვებაზე და ასეთი რეჟიმი როდესაც ხელში ზამბარას ჭიმავს, უკუგება როგორია, ჩემზე კარგად იცით“, – განაცხადა მელიამ.

„შეგიძლიათ, ავანსად ჩათვალოთ, მაგრამ ამ პროცესებისადმი ეს იმედი არსებობს“ – შეაჯამა ნიკა მელიამ შეხვედრა. მისი თქმით, სანამ მიზერული შანსი არის, რომ მომავლისთვის საჭირო საკითხებზე თანხმობა შედგეს, ენმ ამ პროცესებში იქნება.

„პარალელურად წარიმართება ის პროცესი, რომელშიც ჩვენ ვართ, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც არის სიმართლის მოპოვების მოძრაობა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება დამარცხებადია საზოგადოების აქტიურობის პრიობებში“,  – განაცხადა მელიამ.