ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა — სხდომაზე მან დაკავების დეტალებზე ისაუბრა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მან გაიხსენა დაკავების დეტალები.

მელიამ თქვა, რომ 29 მაისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა და მიდიოდა ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად, რა დროსაც მანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა.

მელიამ თქვა, რომ ის „გაიტაცეს“, ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, სადაც 11 პირი იყო. ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი, ასევე დაამტვრიეს მისი მანქანის ვიდეო კამერები.

„გააჩერა [მანქანა] მოულოდნელად ე.წ. საპატრულო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ძალიან ნერვულ მდგომარეობაში მყოფმა პირმა. მძღოლს სთხოვა მართვის მოწყობა, ცხადი იყო მისი გამომეტყველებითაც, რომ ყველაფერი აინტერესებდათ, გარდა მართვის მოწმობისა. ამ პროცესში, როცა ჯერ კიდევ მართვის მოწმობა მძღოლს გადაცემულიც კი არ ჰქონდა, მის ე.წ. რაციაში კითხვა გაისმა, რაც მეც გავიგე და მძღოლმაც. ეტყობა ვიღაც მისმა ხელმძღვანელმა ჰკითხა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში. გასაგები იყო უკვე, რა ხდებოდა. მე რაც დავინახე, შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, იმიტომ, რომ 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით მომათავსეს. რბილად რომ ვთქვა, გადავთვალე – მძღოლის ჩათვლით იყვნენ თერთმეტნი. ვინც გამიტაცა. არანაირი ნიშანწყალი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები ან ქმედებაში, ან გამომეტყველებაში, ან საუბრის მანერაში, არ იყო. […] მოხდა გატაცება, ძალის, ძალიან აგრესიული ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა. ამის შემდეგ ძალის გამოყენებით ტელეფონის წართმევა. მერე იყო ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ რაღაცნაირად იქნებ გაეხსნა კოდი ჩემს ტელეფონზე და რამდენჯერმე მცდელობა ჰქონდა, სახეზე მოეშვირა ჩემი მობილური ტელეფონი. როგორც ჩანს ბნელ სამარშრუტო ფურგონში ეს ვერ მოხერხდა. მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო რაღაცნაირი სამარშრუტო ფურგონი, იყო საგანგებოდ ფარდებით შემკობილი, არაფერი არ ჩანდა შიგნით და გარეთ. არავინ არ ვიცით, რატომ მოხდა ეს. თქვენ იცით ალბათ და მურუსიძემ და კიდევ ვინც დაგეგმა“, – უთხრა მელიამ მოსამართლეს.

მელიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ფორმალურად გუშინ ღამის 00:00 საათამდე ჰქონდა გირაოს გადახდის ვადა. მისივე თქმით, „გატაცების მომენტს“ არა თუ არ იღებდნენ, ავტომობილში, რომელშიც ის იმყოფებოდა და მეორე მანქანაში, ორ-ორი ვიდეო კამერა იყო, რომლებიც დაამტვრიეს.

„ამ ე.წ. მარშუტკაში მოთავსების შემდეგ მობილური ტელეფონი არ გამოურთიათ იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს… სხვადასხვა პირი კიდევ სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს იღებდა და სიამაყით უგზავნიდნენ თავიანთ ხელმძღვანელებს. უშუალოდ დაკავების ეს პერიპეტიები, რომელიც ალბათ დიდხანს არ გაგრძელდა, მაქსიმუმ 30 წამი, შეიძლება 40, ჩვენ გვქონდა აღბეჭდილი და ეს წაშალეს, გაანადგურეს“, – განაცხადა მელიამ.

მოსამართლემ მელიას ჰკითხა ჰქონდა თუ არა კითხვა, როგორ აღმოჩნდა სხდომათა დარბაზში, რაზეც ირაკლი შვანგირაძემ უპასუხა, რომ – „საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ“.

მოგვიანებით სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც ის გააძევეს და სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. შესვენების შემდეგ დარბაზში მხოლოდ მედია შევიდა.

„ხართ დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა, რატომ გამიტაცა, რატომ დააზიანა მანქანებში ჩამონტაჟებული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები. არ გიჩნდებათ კითხვები. მეტიც, ხართ დროებით დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით, ეს ყველამ ვიცით. მომდევნო სამი წელი დაგაკვირდებათ ჩინჩალაძე-მურუსიძე რამდენად მორჩილი იქნებით და ისე მიიღებ გადაწყვეტილებას“, – უთხრა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

საბოლოოდ, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ნიკა მელიას ბრალად „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება. ნიკა მელიას ნათქვამი ჰქონდა, რომ არ აპირებდა არც გირაოს გადახდას და არც დღევანდელ სხდომაზე მისვლას.


ამავე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.

წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.