პროკურატურის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით.
კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია განცხადებაში.
ნიკა მელიამ წყალი მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს შეასხა სასამართლო პროცესზე, რომელზეც მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლა განიხილებოდა.
ნიკა მელიას ბრალად „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წულუკიანის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება. გირაო მას სწორედ ამის საქმეზე შეუფარდეს, თუმცა მელიამ თქვა, რომ არც გირაოს გადაიხდიდა და არც 30 მაისის სასამართლო პროცესს დაესწრებოდა.
29 მაისს, საღამოს, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა ის ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
მელიამ თქვა, რომ ის „გაიტაცეს“ და ძალის გამოყენებით ჩასვეს ფურგონში, სადაც 11 პირი იყო. ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი, ასევე დაამტვრიეს მისი მანქანის ვიდეოკამერები.
მოსამართლემ მელიას ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შეკითხვა, როგორ აღმოჩნდა სხდომათა დარბაზში, რაზეც ირაკლი შვანგირაძემ უპასუხა, რომ: „საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ“. სწორედ ამის შემდეგ შეასხა წყალი მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს.
ნიკა მელიას ასევე ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზეც.