ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო | რა პოზიცია აქვთ მხარეებს

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმის განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარე წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს მელიას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. გულუაშვილისვე თქმით, არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკითხებიან მოწმეები, გამოიკვლევენ ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც, მისი თქმით, ნათლად ასახავს 2019 წლის 20 ივნისს ნიკა მელიას დანაშაულებრივ ქმედებებს.

„მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყველა ასპექტში ბრალდების მხარე იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით და მყარი პოზიციით, რასაც ნათლად დაინახავს სასამართლო საქმის განხილვის ეტაპზე“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზეც ისაუბრა.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ მელიას მიმართ გამოყენებულია პატიმრობა, სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, 2 თვეში ერთხელ იმსჯელოს აღკვეთის გადასინჯვაზე ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

პროკურატურა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზადაა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის შუამდგომლობა შეცვალოს გირაოს შუამდგომლობით, თუ ამაზე თანახმაა დაცვის მხარე. გულუაშვილის თქმით, დაცვის მხარე კანონით სპეკულირებს, როცა ამბობს, რომ მსგავსი სამართლებირივი მექანიზმი არ არსებობს.

„რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, – განაცხადა გულუაშვილმა.

„პროკურატურის საჯარო პოზიცია კანონის ენაზე ნიშნავს შემდეგს – პროკურატურა თვითონ აღიარებს რომ პატიმრობა, ანუ ის პოლიტიკური პატიმრობა, რომელიც შეფარდებული აქვს ნიკა მელიას არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება და მათივე განმარტებით, გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, – ასე განმარტავს პროკურატურის პოზიციას ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

დაცვის მხარის პოზოციაა, ნიკა მელიას მიმართ გაუქმდეს ყველა სახის აღკვეთი ღონისძიება, რადგან, მათი განმარტებით, არ არსებობს რისკი არც მისი მიმალვის, არც ახალია დანაშაულის ჩადენის.

„ნიკა მელიას დაკავება და პატიმრობა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და, შესაბამისად, სასამართლო როდესაც იმსჯელებს პატიმრობის განგრძობადობის საკითხზე, კანონის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე და პროკურატურის პოზოციიდან გამომდინარეც, ცალსახაა, რომ პატიმრობა არ არის უალტერნატივო და ამ შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებული იქნება, ნიკა მელიას შეუცვალოს ან გაუქუმოს აღკვეთი ღონისძიება, რაც გამოწვევს მის მყისიერ გათავისუფლებას საპატრიმრო დაწესებულებიდან“, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული. სასამართლოს წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თანაგუნდელები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.