„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მეილიას სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. სასამართლოს პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის დააკმაყოფილა.
სასამართლო მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.
ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.
სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.
შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს.