ვინ არის და რა საქმეები განუხილავს მოსამართლეს, რომელიც დღეს მელიას საქმეზე იმსჯელებს

პუბლიკა

როგორც უკვე ცნობილია, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16 საათზე ჩაინიშნა. სხდომას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი წაიყვანს.

ვინ არის ჩახნაშვილი, რა საქმეები განუხილავს და რით დაამახსოვრა მან თავი მედიასა და საზოგადოებას?

ნინო ჩახნაშვილი დაიბადა 1981 წლის 29 სექტემბერს. 2004 წელს დაამთავრა ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ამავე წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ასევე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2018-2019 წლებში – თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

მოსამართლე ფართო საზოგადოების ყურადღების ქვეშ  პირველად მაშინ მოექცა, როდესაც მას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონიძიების საკითხი ჩააბარეს. იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე მაშინ ამბობდა, რომ ჩახნაშვილი თელავიდან თბილისში, უკონკურსოდ, სწორედ ამ საქმისთვის გადმოიყვანეს, და რომ იგი მოსწონს „კლანს”.

ნინო ჩახნაშვილი ფიგურირებს გიორგი რურუას საქმეშიც. სწორედ მან დატოვა ძალაში რურუას პატიმრობის გადაწყვეტილება. მაშინ გიორგი რურუას ადვოკატები ჩახნაშვილის აცილებასაც ითხოვდნენ.

ნინო ჩახნაშვილი არის მოსამართლე, რომელმაც 20 ივნისის საქმეზე 16 პირი, მათ შორის მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო.

ჩახნაშვილი 2020 წელს უვადოდ განწესდა.