„ნიკას მოწოდებაა - ბრძოლა ბოლომდე“ | ადვოკატი ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

რუსთავის მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა. მან ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთან შეხვედრისას განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნიკა არის ძალიან ამაღლებულ განწყობაზე და თავს გრძნობს მხნედ. ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიო ლიდერების უპრეცედენტო გამოხმაურებაზე, რაც მოჰყვა იმ სიგიჟეს, გუშინ რომ ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. გავიარეთ ყველა განცხადება და გამოხმაურება. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიაზე, ამ საქმესთან დაკავშირებით და ასევე, სხვადასხვა საკითხზე, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან. საბოლოო ნაბიჯები არის ის, რომ ეს ბრძოლა მთავრდება გამარჯვებით. მისი მოწოდებაა ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც ნიკა მელია იმყოფება, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.

საპროტესტო მსვლელობის შესახებ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემაც ისაუბრა.

„ეს არის პირველ რიგში ნიკას სოლიდარობისთვის, რომ გავამხნევოთ. ისედაც ძალიან მხნედ არის. მე ვესაუბრე სახალხო დამცველს და ნიკა არის ძალიან მხნედ. მასთან შევიდნენ უფლებადამცველებიც.

გარდა ამისა, ეს არის პროტესტის აქცია იმიტომ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა შეთითხნილი ნიკა მელიას მიმართ. ჩვენი აქცია არის სოლიდარობის და ეს აქციები გაგრძელდება“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პირველი საპროტესტო აქცია გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 15:00 საათზე დაიწყეს და შემდეგ პარლამენტთან დაასრულეს. ოპოზიციამ კიდევ ერთი, მათი განცხადებით, ფართომასშტაბიანი აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დააანონსა.