ნიკი ჰეილი 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატურისთვის ბრძოლას გამოეთიშა

პუბლიკა

ნიკი ჰეილი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა – ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატობისთვის დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო, შესაბამისად, „რესპუბლიკელების კანდიდატი“, დიდი ალბათობით, ტრამპი იქნება და ის ნოემბრის არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი „სუპერ სამშაბათს” პრაიმერიზში დამარცხდა – რის შემდეგაც მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა და საარჩევნო კამპანიის დასრულების დროს აღნიშნა, რომ „არაფერს ნანობს”.

„ახლა დონალდ ტრამპმა უნდა მოაგროვოს ჩვენი პარტიის შიგნით და მის გარეთ იმ ადამიანების ხმები, ვინც მას არ ემხრობოდა და იმედი მაქვს, ამას მოახერხებს“, – განაცხადა მან.

გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ჰეილიმ ხაზი გაუსვა აშშ-ის გლობალური ლიდერობის მნიშვნელობას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ის საუბრობდა აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე – ეს ის საკითხია, რაზეც ტრამპს განსხვავებული შეხედულებები აქვს.