პროევროპული აქციების მონაწილე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ციხეში შიმშილობა შეწყვიტა. მისი ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ჯავახიშვილი 4 თებერვლიდან შიმშილობდა.
„მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე. ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა. ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას . განა რამდენს დაგვიჭერენ?! არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან, მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც“, – წერდა ჯავახიშვილი 4 თებერვლით დათარიღებულ წერილში.
ჯავახიშვილმა მანამდეც დაიწყო ციხეში შიმშილობა მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, რამდენიმე დღის შემდეგ შეწყვიტა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 32-ე დღეა შიმშილობს.
11 იანვარს ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა.