თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე სოსო ღურწკაიამ გამოიტანა.
ნიკოლოზ წიქარიძე სასამართლოს პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის დადგენასაც სთხოვდა. ამ ნაწილში სასამართლომ მომჩივანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. წიქარიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ეროვნული მუზეუმიდან ნიკოლოზ წიქარიძე, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზით, 2022 წლის მაისში გაათავისუფლეს. ნიკოლოზ წიქარიძის შეფასებით, ეროვნული მუზეუმიდან მისი გათავისუფლება წულუკიანის სამუზეუმო პოლიტიკის კრიტიკას უკავშირდებოდა.
ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მესამე საქმეა, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მუზეუმიდან გათავისუფლების თაობაზე ნიკა ახალბედაშვილის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო. 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარიძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა. 5 მარტს კი, მუზეუმიდან თემურ შარიქაძის გათავისუფლება ცნო უკანონოდ.
2021 წლის მაისიდან, წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებიდან 100-მდე ადამიანი გათავისუფლდა, რომელთა უმრავლესობამ სასამართლოს მიმართა.