„ნიკორა ტრეიდში“ ადასტურებენ, რომ მათთან ნაყიდი პროდუქციით ადამიანები მოიწამლნენ

პუბლიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის” მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნიკორას” „კიევურმა კოტლეტმა” 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოიწვია.

კომპანია „ნიკორაში“ ადასტურებენ, რომ მათთან ნაყიდი მზა საკვებით, კონკრეტულად კი „კიევური კოტლეტით“ ადამიანები მოიწამლნენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მზა კერძების საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზი კომპანია „ჯეო დისტრიბუციის” ქათმის ფილე „გრაკო” გახდა. 

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ, სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია”.

რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ, პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა.

ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ადამიანს, რომლებმაც „ნიკორაში” შეძენილი „კივური კოტლეტი” ჭამეს, სალმონელოზი დაუდასტურდათ.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო 2 შეტყობინება 8 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.

შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს”, – წერია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.