ნინო წილოსანი: არავის არ დაიჭერენ, ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა

პუბლიკა

ნინო წილოსანის თქმით, სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს აქვთ უფლება, იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის.

მისი განცხადებით, „არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არსებობს ადმინისტრაციული ჯარიმა”.

„ქართული ოცნების“ წევრების მიმართ „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტების გამო, შეურაცხყოფის საბაბით, რეპრესიული კანონის საფუძველზე სასამართლოში 18 ადამიანი დაიბარეს: ჟურნალისტები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.

სასამართლო პროცესები დღეს არის დანიშნული. თუმცა, ელენე ხოშტარია, ანა სუბელიანი და დავით ქაცარავა პროცესზე არ გამოცხადდნენ, რის გამოც სხდომები გადაიდო.

„მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, [მიუღებელია]… არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა [სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს] არ უნდა შეეცვალოთ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის.

როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე, რა კანონი მოქმედებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თქვენ რომ ცოტა მაინც დაიხარჯოთ ამ სიუჟეტის მომზადებისას და ელემენტარულად ნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითი – მაგალითად, როგორ დაასანქცირეს 12 000 ევროთი საფრანგეთში ქალი, რომელმაც მაკრონს ნაგავი უწოდა…

თქვენც შეგიძლიათ [საჩივრის დაწერა]- ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ თქვენს ნაცვლად ვერ ვუჩივლებ?“, – თქვა ნინო წილოსანმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – ის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.