მოქალაქეები, მათ შორის, პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები წერენ, რომ დღეს, 11 ივნისს მიიღეს შეტყობინებები სასამართლოში დაბარების შესახებ.
სასამართლოში ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ „ფეისბუქ“ სტატუსების საფუძველზეა დაბარებული.
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრის, მარიამ ლაშხისთვის „ფეისბუქ“ სტატუსით „მონას“ დაძახების გამო დაიბარეს.
„ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ, მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის. მოსამართლეა ნინო ენუქიძე. პროცესი 15:00 ადვოკატი მჭირდება, ვის გცალიათ?“ — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე.
ასევე მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს სასამართლოში TV პირველის წამყვანები ვიკა ბუკია და ეკა მიშველაძე. „ოცნების“ წევრი ორივე ჟურნალისტს „მონას“ წოდების გამო უჩივის.
„კი მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა? მარიამ ლაშხი, რა ქენი ამისთანა? დამიბარეს ხვალ, 15:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში“, — დაწერა ვიკა ბუკიამ.
„აბა თუ გამოიცნობთ ვინ ჩივის? მარიამ ლაშხი. აი, ამ სტატუსის გამო, სქრინს ვდებ. ხვალ, 12 ივნისს, 16:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში ვიქნები ძალიან კარგ ხალხთან ერთად“, — დაწერა ეკა მიშველაძემ.
ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს მამუკა მდინარაძის საჩივრის საფუძველზე იბარებენ.
მამისეიშვილის თქმით, მდინარაძე მას 25 თებერვლის პოსტის გამო უჩივის, რომლითაც მას „ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს“ ეძახის.
„ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა. მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო, სადაც ნაბიჭვარს, ნაძირალას და არაადამიანს ვეძახი. და კი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს,“ — წერს დეა მამისეიშვილი.
ჟურნალისტის თქმით, ის სასამართლოზე მისვლას არ აპირებს.
საჩივრის საფუძველზე სასამართლოში დაბარებულები არიან „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია და ტელევიზიის თანადამფუძნებელი მიშა მშვილდაძეც.
საჩივარზე დაურეკეს „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილსაც.
ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში მდინარაძისა და წულუკიანის შეურაცხყოფისთვის იბარებენ.
ჩერგოლეიშვილის თქმით, არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას მანამ, სანამ ოფიციალური საბუთი არ წარედგინება, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები.
ნინო წილოსანისა და მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.
„მირეკავენ დაჟინებით სასამართლოდან, ვუშვებ ნინო წილოსანთან და მარიამ ლაშხთან, ნეტა თუ მიხვდნენ სად გავუშვი?“ — წერს ელენე ხოშტარია.
სასამართლოში ასევე დაბარებულია აქტივისტი ანა სუბელიანიც.
ანა სუბელიანმა „ფეისბუქის“ პოსტის ფოტო გამოაქვეყნა და თქვა: „ხალხო, ამაზე მიბარებენ ხვალ სასამართლოში, ნინო წილოსანს შეურაცხყოფა მიაყენეო. მეგონა ყ****ლაა მეთქი, ეგ მქონდა ნათქვამი და არაქალი წყენია“.
30 მაისს მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტებს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.
„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ ფრაქციის წევრთა შეურაცხყოფის კამპანიის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.
მისი თქმით, სარჩელი დაეფუძნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა.
კირცხალიამ მედიის შეკითხვებზე საპასუხოდ დააზუსტა, რომ საჩივარი ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „უბინძურეს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“. მას საჩივრის ადრესატები არ დაუსახელებია და თქვა, რომ „როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას.“