ნინო წილოსანი ბუკნარში შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჩავიდა

პუბლიკა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში, სადაც სულ მალე ქრისტიანულ და მუსლიმ თემს შორის შეხვედრა უნდა დაიწყოს, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ჩავიდა, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტში ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

„თანაცხოვრება არის ყოველთვის მეგობრული და არც ერთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს არ შექმნია პრობლემა რელიგიისა  და რწმენის თავისუფლების მხრივ.

დღეს მიხარია, რომ ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი მცხოვრებლები მზად არიან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ის კონფლიქტი, რომელიც იყო ერთეული შემთხვევა და არა სისტემური ხასიათის, იყოს დროულად აღმოფხვრილი.

ჩვენ გვექნება დახურული შეხვედრა, რომელზეც ყველა იმ ფაქტორს, რომელიც თუნდაც აქამდე ან მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტის პოტენციური წყარო, განვიხილავთ და მაქსიმალურად აღმოვფხვრით მას იმისთვის, რომ მეორეჯერ ასეთ სამარცხვინო ფაქტს და ნამდვილად გული მტკივა და მრცხვენია, რომ არასდროს, საუკუნეების და წლების მანძილზე, არასდროს ქართველ და  ასე ვთქვათ მუსლიმ და ქრისტიან თუ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი კონფლიქტები არ ყოფილა, განსაკუთრებით, გურიაში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, გაკეთდება ყველაფერი, რომ არ განმეორდეს არანაირი დაპირისპირების ფაქტი რელიგიურ ნიადაგზე. ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


ამ წუთებში ჩოხატაურში მუსლიმი და ქრისტიანი თემის წევრების შეხვედრა უნდა დაიწყოს.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.