ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში „ობიექტივი" შეუშვეს

პუბლიკა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მედიაკავშირი „ობიექტივი” შეუშვეს. როგორც წამყვანი დღევანდელ, ანუ 3 ივნისის საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებს, მათი გადამღები ჯგუფი პანსიონში დილიდან მუშაობს.

როგორც ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას ამბობს, „ობიექტივის” გადამღები ჯგუფი პანსიონში ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ იმყოფება და ტერიტორიაზე შესვლისას დაბრკოლება არ შექმნიათ.

მათ ჩაწერილი ჰყავთ პანიონატის ბენეფიციარები, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვთა სახლში კარგი პირობებია, რომ ძალადობასა და დასჯას ადგილი არ აქვს და რომ აღმზრდელები მათზე ზრუნავენ.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

ომბუდსმენის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.