ნიუ-იორკში 5 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით დაიღუპა - ქუომო

პუბლიკა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს თქმით, ახალი მონაცემებით, კორონავირუსი შესაძლოა, ბავშვებშიც იწვევდეს მომაკვდინებელ შედეგს. ნიუ-იორკში იკვლევენ კორონავირუსისგან გამოწვეულ გართულებებს, რომელმაც 5 წლის ბავშვი იმსხვერპლა. ასე რომ, შეიძლება შეიცვალოს აქამდე გავრცელებული მოსაზრებაც, თითქოს კორონავირუსი ბავშვებში არ ვრცელდებოდა ან თუ ვრცელდებოდა, მხოლოდ მსუბუქი სახით.

„ეს იქნება მტკივნეული სიახლე და სრულიად ახალი თავი ამ ვირუსის გავრცელებაში. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთან საუბრისას რამდენი ადამიანი გრძნობდა თავს მშვიდად, რადგან ვეუბნებოდით, რომ ბავშვებში ვირუსი სერიოზულ გართულებას არ იწვევდა. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ პატარები ვირუსის გადამტანები იყვნენ, მაგრამ მათ ჯანმრთელობას არ ადგებოდა სერიოზული ზიანი“, – თქვა ქუომომ.

გუბერნატორს ბავშვის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ მისი სიკვდილი კორონავირუსულ ინფექციასთანაა კავშირში. გარდაცვლილი ბავშვის გარდა, მსგავსი სიმპტომებით ნიუ-იორკის შტატში 73 ადამიანი მკურნალობს.

ამ პაციენტთა სიმპტომები კავასაკის დაავადებისა და ტოქსიკური შოკის მსგავსია, როგორც ქუომო განმარტავს. გასული სამი კვირის განმავლობაში უშუალოდ ნიუ-იორკში 2-დან 15 წლამდე ასაკის 15 ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებული სიმპტომებით. ზოგ მათგანს მაღალი სიცხე, შოკი და კავასაკის დაავადების სიმპტომები ჰქონდა. კავასაკის დაავადება არტერიაში ანთებას იწვევს და გულში სისხლის მიმოქცევას აფერხებს. ის მკურნალობას ექვემდებარება, მათ შორის, გართულებების გარეშეც, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, მომაკვდინებელიც იყოს. კავასაკის დაავადება, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვებშია გავრცელებული.