ნიუ იორკიში ქალაქის ადმინისტრაციამ „ტრამპ თაუერის” წინ გზატკეცილზე „Black Lives Matter” წარწერის გაკეთება დაიწყო.
წარწერა ნიუ იორკის მერს ბილ დე ბლასიოსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირების შემდეგი ეტაპია. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპსა და დე ბლასიოს არაერთ საკითხზე მოუვიდათ უთანხმოება.
აღნიშნული წარწერა შავკანიანთა უფლებადამცველი აქტივისტების ერთ-ერთ მთავარ სლოგანს აღნიშნავს. აქტივისტების მხრიდან დემონსტრაციებზე აღნიშნული მოწოდება განსაკუთრებით შავკანიანი მოქალაქის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდგომ გახშირდა. აქტივისტების ნაწილი ფლოიდის მკვლელობაში ხელისუფლებას და კონკრეტულად ტრამპს ადანაშაულება.
ჯორჯ ფლოიდი, ამერიკის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. თეთრკანიანი პოლიციელი, რომლის ქმედებებმაც ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია, დერეკ ჩაუვინია. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება. პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდგომ კი დააპატიმრეს.