ნოდარ მელაძე ვასამბეკ ბოკოვის საქმესთან დაკავშირებით სუსში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.
„გამოძიება დაინტერესდება ყველა პირდაპირი, თუ ირიბი გარემოებით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს გამოძიების პროცესთან”, – ამის შესახებ სუსის პრესსამსახურმა „პუბლიკას” განუცხადა.
ნოდარ მელაძე „ტვ პირველთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სუსში მისი გამოკითხვაზე დაბარება შაბათს „ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება.
„გამომძიებელმა მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა” მოამზადა. ჩვენ გავედით კავშირზე ვასამბეკ ბოკოვის ძმასთან, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ უყურა მრავალჯერ იმ ვიდეომასალას, რომელიც გაასაჯაროვა მედიამ მისი ძმის მონაწილეობით. მისი თქმით, ვიდეომასალაში არსებული პირი ფიზიკური მონაცემებით მის ძმას არ ემთხვევა”, – განაცხადა მელაძემ.
მელაძე სუსში ხვალისთვის არის დაბარებული. მისი თქმით, იგი აპირებს სუსში გამოკითხვაზე მისვლას.