ნოდარ მელაძის ავტომობილიდან გარე მეხსიერების ბარათის ქურდობის საქმეზე 1 ადამიანია დაკავებული

პუბლიკა

„TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან გარე მეხსიერების ბარათის მოპარვის საქმეზე 1 ადამიანია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ქურდობის მუხლით აქვს დაწყებული.

„TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი დღესაც გამოკითხვაზე იმყოფება.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გუშინ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და დაზარალებულად ცნეს.

„გუშინ გვიან ღამით მომანიშეს დაზარალებულის სტატუსი და ამის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთი პირი არის ამ დანაშაულზე დაკავებული. შესაბამისად, მე ვუთხარი, რომ როდესაც რეალურად დავინახე რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მოვედი და მივცემ დღეს ჩვენებას. ასევე, ზეპირი კომუნიკაციის შედეგად მითხრეს, რომ ამოღებულია გარე მეხსიერების ბარათი, რომელიც ჩემი მანქანიდან იყო წაღებული“, – ამბობს ნოდარ მელაძე.

გუშინ, 13 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურის „გარე ვინჩესტერი“. მან მანქანის ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს „დაშინება ძარცვის იმიტაცია“ იყო. მელაძის თქმით, პირადი ნივთები ხელუხლებელი დახვდა.