ნორვეგიის საგარეო: მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

პუბლიკა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.


დამოუკიდებელი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.