„ნუ გვაბრმავებ“ - ჟურნალისტები შსს-სთან საპროტესტო აქციას მართავენ

პუბლიკა

„ნუ გვაბრმავებ“ – ამ ლოზუნგით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

„2020 წლის, 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აღსანიშნავია, რომ ადგილზე შესაძლებელი იყო ჟურნალისტების იდენტიფიცირება“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით მიმართვასაც გაავრცელებს.


გუშინ პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.